"ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიან მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებზე. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პასუხისმგებელი პირები კი უნდა დაისაჯონ" - ამის შესახებ საქართველოში EU-ს ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, მეთოდი, რომლითაც ძალოვანი სტრუქტურები პროევროპული აქციების დროს დაკავებულებს უსწორდებიან, წამების ტოლფასია და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა პირი, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას.
"ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. საქართველოში უფლებადამცველების ჯგუფს შევხვდი, მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ დააკავებენ - ეს წამებას უტოლდება. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. დაკავებული ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
ასევე, გამოძიებული უნდა იყოს შემთხვევა, რომელიც გასულ კვირას, თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური დაჯგუფებები გადაადგილდებოდნენ ქალაქში. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და მოძალადეები, კრიმინალური დაჯგუფებები და პოლიციისა და სპეციალური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ძალას ამეტებენ, პასუხისგებაში უნდა მიეცენ", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც ესწრებოდა დღეს თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრას.