"პრეზიდენტი რომ მიეწვიათ სცენაზე, ეს იქნებოდა პოლარიზაციის დასრულების დასაწყისი“, - ასე შეაფასა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-სთან საუბრისას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საზეიმო ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის სცენაზე არმიწვევის ფაქტი.
ბიზნესმენის შეფასებითვე, დღეს, საქართველოს მთავრობას ევროპული დიპლომატიის საუკეთესო გაკვეთილი ჩაუტარა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო. ევროპელმა დიპლომატმა თავის სიტყვა სწორედ საქართველოს პრეზიდენტთან მისალმებით დაიწყო.
"დღეს რომ პრეზიდენტიც მიეწვიათ სცენაზე, ეს იქნებოდა პოლარიზაციის დასრულების დასაწყისი. ევროპული დიპლომატიის კლასიკური მაგალითი გვაჩვენა ევროკავშირის ელჩმა, რომელმაც მიმართა პრეზიდენტს და ეს ისტორიული დღე მიულოცა. პაველ ჰერჩინსკიმ აჩვენა დიპლომატიის უმაღლესი კულტურა. შეიძლება, რაღაცები გაწუხებდეს და აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ დიპლომატები ივიწყებენ ყველაფერს, როდესაც წინა პლანზე დიპლომატიაა წამოსაწევი.
თავისი ქცევით ევროკავშირის ელჩმა ერთ-ერთი სერიოზული გაკვეთილი ჩაუტარა მთავრობას - აჩვენა რა არის კულტურა დიპლომატიაში; მისგან დღეს მივიღეთ პირველი გაკვეთილი, რომ დეპოლარიზაცია ნიშნავს დათმობას და ხალხისთვის იმის ჩვენებას, რომ შერიგება, ურთიერთპატივისცემა და ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებაა უმთავრესი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პაველ ჰერჩინსკიმ ქართველ ხალხს ქართულ ენაზე მიმართა, რითაც თემურ ჭყონიას თქმით, ელჩმა „ქართული კულტურის უდიდესი პატივისცემა აჩვენა“.
„ევროკავშირის ელჩმა არაჩვეულებრივი სიტყვა წარმოთქვა ქართულად; ეს არის მისაბაძი წარმოგიდგენიათ, რამხელა შრომა ჩადო მან ამ ყველაფერში და როგორ მოემზადა, რომ ქართველი ხალხისთვის ქართულ ენაზე მიემართა“, - დასძინა თემურ ჭყონიამ.