მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის  ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები - ჰერჩინსკი

ელჩი

ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩი სიტყვით გამოვიდა თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმზე, სადაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობენ.

„ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი.

დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.
საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია - ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის - ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.

ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს.

ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, “საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?”

წინ, საქართველო, წინ!“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები