მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU ხანგრძლივი ენერგეტიკული შოკისგან თავის დასაცავად ყველა ვარიანტს განიხილავს - ენერგეტიკის კომისარი

eu

ევროკავშირის ენერგეტიკის კომისრის გაფრთხილებით, ევროპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო "ხანგრძლივი" ენერგეტიკული შოკისთვის უნდა მოემზადოს - დან იორგენსენის თქმით, ბრიუსელი მიწოდების შეფერხებისგან ბლოკის დასაცავად "ყველა შესაძლებლობას" განიხილავს.

გლობალური ენერგეტიკული ბაზრები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდიან. მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, ამ ვიწრო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე, რომელიც გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მარაგების დაახლოებით მეხუთედს ატარებს, კომერციული ნაოსნობა ფაქტობრივად შეჩერდა.

თეირანის ეს ნაბიჯი 28 თებერვალს ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ იერიშს მოჰყვა. მიწოდების შეფერხებამ მსოფლიოს მასშტაბით ბენზინისა და დიზელის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ირანთან ომის მეორე თვეში გადასვლის ფონზე, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ბლოკი ახლა ბევრად უფრო მწვავე და ხანგრძლივი ენერგეტიკული კრიზისისთვის უნდა მოემზადოს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მოსალოდნელი.

"ეს იქნება ხანგრძლივი კრიზისი... ენერგომატარებლებზე ფასები დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დარჩება", - განუცხადა იორგენსენმა Financial Times-ს.

მან გააფრთხილა, რომ ზოგიერთი უფრო "კრიტიკული" პროდუქტისთვის "მომდევნო კვირებში ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ველით".

განსაკუთრებულ შეშფოთებას ავიაკომპანიები გამოთქვამენ. სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლის თითქმის სრულად შეჩერებისა და რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმების გამო, საავიაციო საწვავის მარაგები მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მიწოდების უსაფრთხოების კრიზისი "ჯერ არ დამდგარა", იორგენსენის თქმით, ბრიუსელი კონფლიქტის "სტრუქტურულ, გრძელვადიან ეფექტებთან" გამკლავების ზომებს ამუშავებს. ეს მოიცავს "ყველაზე ცუდი სცენარებისთვის მზადებას", როგორიცაა დიზელის ან საავიაციო საწვავის პოტენციური რაციონირება.

"სჯობს მომზადებული ვიყოთ, ვიდრე მერე ვინანოთ", - აღნიშნა მან.

კომისარმა დასძინა, რომ "არ გამორიცხავს" სტრატეგიული ნავთობის მარაგების ახალ გამოთავისუფლებას, "თუ სიტუაცია უფრო გამწვავდება".

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრებმა გასულ თვეში ნავთობის მარაგების გამოთავისუფლების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კოორდინირებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

იორგენსენმა ასევე გაიმეორა, რომ წელს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებები არ იგეგმება. ევროკავშირი, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასრულების მიზნით, 2026 წლის ბოლოსთვის რუსული LNG-ის, ხოლო 2027 წლის სექტემბრისთვის მილსადენის გაზის იმპორტის სრულად შეჩერებას აპირებს. ეს ნაბიჯი ასევე მიზნად ისახავს კრემლის საომარი ფინანსების შესუსტებას, რომელიც უკრაინის ომის დასაფინანსებლად ძლიერაა დამოკიდებული წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები