ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.
ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა.
"ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით.
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ხაზი გაუსვა რა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და 2021-2027 წწ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი კომპონენტის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ეფექტიანი განხორციელება, რომელიც რეგულაციებთან დაახლოების ფართო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აუცილებელ რეფორმებს მოიცავს, ხელშემწყობ პირობებს ქმნის ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისთვის, რასაც შედეგად ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს შემდგომი ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია მოჰყვება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.
“ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ. აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს.
ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.
ხაზი გაუსვა რა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მზაობასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში „Roam like at Home“ ინტეგრაციას.
„ასოცირების საბჭომ მადლიერება გამოხატა „ერასმუს პლუს“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში საქართველოს ძლიერ ჩართულობასთან დაკავშირებით.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ძალისხმევას სამოქალაქო დაცვის სისტემისა და შესაძლებლობების მოდერნიზების კუთხით და გამოხატა მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს საბჭოს სხდომის ფარგლებში გაზიარებულ გზამკვლევ დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა და მისი მედეგობაზე ორიენტირებული ჩარჩო კვლავ აქტუალურია და გააგრძელებს ფუნქციონირებას გაფართოების პროცესზე დამატებით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით 2024 წელს კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ერთობლივ პრესრელიზში.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. მთავრობის ცნობით, ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშემწყობ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და აღნიშნა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
„ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სავაჭრო ბარიერების გადალახვაში და აღნიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელების მნიშვნელობა. ასოცირების საბჭო მიესალმა პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, აღიარა გეგმის შინაარსთან დაკავშირებით დღეისთვის არსებული კარგი პროგრესი და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი აქტივობების სათანადო განხორციელების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების დაჩქარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მისი საფლაგმანო პროექტების მეშვეობით, მათ შორის, იმ საერთო ინტერესის მქონე პროექტებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარებისკენ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორის როლი, განსაკუთრებით კი მისი სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსებისთვის.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ ძალისხმევას, გაატაროს აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და ზომები, განსაკუთრებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რათა დააკმაყოფილოს ევროს ერთიანი გადახდის სივრცის სქემების გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანების კრიტერიუმები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.