ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. როგორც Reuters წერს, შეზღუდვები რუსეთის საბანკო სექტორს ეხება, თუმცა საბერძნეთის გამო ევროკომისია კომპრომისზე წავიდა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის [LNG] ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში.
ამის აკრძალვას საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ გამონაკლისის დაშვების შემდეგ დასთანხმდა სანქციების 21-ე პაკეტის მიღებას. Reuters-ის ცნობითვე, ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტში რუსეთის 94 ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა, საიდანაც უმეტესად ბანკებია.
ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსულ ნავთობზე დაწესებული 44-დოლარიანი საფასო ჭერის შენარჩუნებას ერთი წლის ვადით. "ჩვენ ვინარჩუნებთ რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს ერთი წლის განმავლობაში, რათა რუსეთის ომის მანქანამ ბაზრის შოკებისგან სარგებელი არ მიიღოს", - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.




























