დღეს უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მორიგ წარმატებას მიაღწიეს - 3 ივლისს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ბლოკის წევრმა ქვეყნებმა მოლაპარაკებების მორიგი, ამჯერად მეექვსე კლასტერის გახსნას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
2020 წელს გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, მოლაპარაკებების თავები 6 თემატურ კლასტერად იყოფა:
- ფუნდამენტური საკითხები
- შიდა ბაზარი
- კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა
- მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები
- რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა
- საგარეო ურთიერთობები
მეექვსე კლასტერის ("საგარეო ურთიერთობები") გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესში. ეს ასახავს უნგრეთის პოზიციის ეტაპობრივ ცვლილებას მას შემდეგ, რაც არჩევნებში პეტერ მადიარმა გაიმარჯვა.
მანამდე მისი წინამორბედი ვიქტორ ორბანი კიევის გაწევრიანების პროცესს წლების განმავლობაში აფერხებდა, დასავლეთ უკრაინაში უნგრელი უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული დავის გამო.
მადიარის ახალმა მთავრობამ უკრაინულ მხარესთან ერთად იმუშავა ამ საკითხის მოგვარებაზე, რასაც ივნისის დასაწყისში პირველი კლასტერის გახსნა მოჰყვა.
მეექვსე კლასტერი საგარეო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს.
პარასკევს შეთანხმებული ნაბიჯი ე.წ. სკრინინგის წერილია, რომელიც ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობის კუთხით კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობის ანალიტიკურ შეფასებას ოფიციალურად ასრულებს.
ოფიციალური მოწვევის წერილი ოთხშაბათს, ელჩების მორიგ შეხვედრაზე განხილვის გარეშე უნდა დამტკიცდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი ყოველგვარი დავის გარეშე ჩაივლის.
მეექვსე კლასტერის გახსნის დასასრულებლად ევროკავშირის ერთიანი პოზიცია, სავარაუდოდ, 13 ივლისს დამტკიცდება, რასაც მომდევნო დღეს სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე მისი ოფიციალური გახსნა მოჰყვება.
ცნობისთვის, უკრაინამ და მოლდოვამ პირველ, "ფუნდამენტური საკითხების" კლასტერზე მოლაპარაკებები 15 ივნისს გახსნეს. ეს კლასტერი იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს მოიცავს, რომლებზეც ევროკავშირია აგებული. მასში შედის ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმებს ეხება.




























