მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მოსამართლეთა დანიშვნებზე: საფრთხეა, უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგეს სასამართლოს დამოუკიდებლობა

61a8be54312dc
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.21 16:40
735
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაჩქარევ დანიშვნებზე განცხადება გააკეთა. სპიკერის თქმით, ეს პროცესი არ შეესაბამებოდა არც 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და არც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს სასამართლო რეფორმის შესახებ. მეტიც, EU-ს მოსაზრებით მომხდარი შეიცავს რისკებს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებულება უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგეს. 

ამასთან, EU საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ სასამართლო რეფორმის წარმატება საქართველოს მიმართ ევროკავშირის განგრძობადი დახმარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა. 

"ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა (ეუთო/ოდირი) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით," - აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი. 

საქართველოს პარლამენტმა გუშინ კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია: გენადი მაკარიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), ნინო სანდოძე ( 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თამარ ოქროპირიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თეა ზიმისტარაშვილი ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები