მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონის მიღებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს

ბორელი ვარჰეი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია.

"დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა.

მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ, შესაძლოა, შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები