ევროკავშირი განიხილავს გარკვეული პროდუქციის რუსეთში ტრანზიტის აკრძალვას.
როგორც Bloomberg წერს, ამით ევროგაერთიანება ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კონტროლი გაამკაცროს. ტრანზიტის აკრძალვა სხვადასხვა ტექნიკასა და საქონელს შეეხება, მათ შორის არის სატრანსპორტო საშუალებები და ტექნოლოგიები. გამოცემის თანახმად, რუსეთის გავლით მესამე ქვეყანაში ტრანზიტი ევროკავშირში წარმოებულ ყველა პროდუქციას არ შეეხება.
ახალი შემზღუდავი ზომები სანქციების მე-11 პაკეტის ნაწილი იქნება, რაზეც ევროკომისია მუშაობს. როგორც Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სანქცირებული პროდუქტი. კერძოდ, რუსეთი მესამე ქვეყნების გავლით იღებს ევროკავშირში ან სხვა მოკავშირე ქვეყნებში წარმოებულ ჩიპებსა და სხვა ტექნიკას.
Bloomberg წერს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, მაგალითად ესტონეთმა, გაზარდა სავაჭრო ბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ხშირად ამ პროდუქციის ტრანზიტი სწორედ რუსეთის გავლით ხდება. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პროდუქტი რუსეთში რჩება ან მესამე ქვეყნის რეექსპორტის პირობებში ხვდება რუსულ ბაზარზე.
პოლონეთი, ესტონეთი და ლიეტუვა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, იმ საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი რუსეთში აიკრძალოს, რომლებიც შესაძლოა, რუსეთმა სამხედრო მიზენებისთვის გამოიყენოს ან საავიაციო და სხვა ინდუსტრიებმა მიიღონ.
ომის წლისთავზე ევროკავშირმა სანქციების ჯერჯერობით ბოლო მე-10 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს. სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე.