მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„EU-ს 12 რეკომენდაცია ერთგვარი საშინაო დავალებაა, რომლის შესრულებითაც კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ადიხარ“ - მიულმანი

ავსტრიის ელჩი

„ევროკომისიის მხრიდან ისტორიული გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის შექმნის შესაძლებლობა მისცა“, - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე BMGTV-ს ეთერში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი საუბრობს. მისი თქმით, ევროსაბჭოს მიერ 12 რეკომენდაციის შემუშავება ევროინტეგრაციის თანამდევი ბუნებრივი ნაწილია.

„ევროინტეგრაციის პროცესს რაც შეეხება, ყოველთვის განსხვავებულია თავისი ნაბიჯებითა და ფაზებით, და სრულად ბუნებრივია, რომ გარკვეული პირობებს თუ პრიორიტეტებს, რაც გსურთ ის უწოდეთ, გიწესებენ. ეს ერთგვარი საშინაო დავალებაა, რომლის შესრულების შემდეგაც კიბეზე ერთი საფეხურით ზემოთ ხარ, შემდეგ კიდევ რამდენიმე საშინაო დავალებას იღებ და ამ 12 რეკომენდაციის მიღებაში არაფერი განსაკუთრებული არაა.

საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციაზე. ჩვენ მოვისმინეთ განახლება ამის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში და ვიცით, რომ 3 რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული, დანარჩენებისთვის კი დამატებითი სამუშაოებია საჭირო და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საზოგადოებაც გაერთიანდება ერთი მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია შესრულდეს. და შემდეგ, უკვე ოქტომბერში, ევროკომისია შექმნის ანგარიშს, რომელზე დაყრდნობითაც ევროსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები“, - ამბობს მიულმანი.

ავსტრიის ელჩის თქმით, გარდა 12 რეკომენდაციის შესრულებისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეროვნული ძალისხმევა აჩვენოს ამ პროცესში.

„რა თქმა უნდა, ამ მომენტში 12 რეკომენდაციაა მთავარი, თუმცა სხვა პატარ-პატარა საშინაო დავალებებიც გაქვთ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ევროინტეგრაციის პერიოდში. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, მძიმე პროექტია, თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, ამ შრომის გაწევა ღირს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ამ თაობის გადაწყვეტილებად გამოჩნდეს, ჩანდეს, რომ იყო ეროვნული ძალისხმევა.

მე მხოლოდ ის შემიძლია, ავსტრიის გამოცდილება გაგიზიაროთ. როდესაც ავსტრიამ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი, ჩვენ შევქმენით ორი პარტიის მსხვილი კოალიცია, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად იმუშავა წლების განმავლობაში, რათა ყველა მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. ამიტომ ჩემი რჩევა საქართველოსთვის ის იქნება, რომ იმუშაონ ერთად, ძლიერად და ამ პროცესში პროგრესი აუცილებლად გექნებათ“, - ამბობს ავსტრიის ელჩი.

ცნობისთვის, ავსტრია ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 5-წლიანი მოლაპარაკებებისა და ეროვნული რეფერენდუმის შემდეგ, 1995 წელს გახდა შვედეთსა და ფინეთთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები