მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით რაჭული თაფლი ექსპორტზე გავიდა

635afa2b26155
ანუკა ჯოხაძე
28.10.22 18:51
1687

რაჭველ მეფუტკრეებს ფუტკართან კომუნიკაციის თავისებური ენა აქვთ, ამბობენ, ის შენს ხასიათსაც გრძნობს და საქმის მიმართ დამოკიდებულებასაც. აქ ყველაფერს დაკვირვება და შრომა სჭირდება, რაზეც სწორება წლების წინ გიორგი იაშვილმა გააკეთა.

ასე გაჩნდა კომპანია Geo Natural, რომლის სახელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც იციან. ცნობენ და ენდობიან კიდეც. Geo Natural-ის თაფლი ევროპულ სტანდარტებს წლებია აკმაყოფილებს, რამაც თაფლი ევროპის დახლებზე მოახვედრა.

No description available.

თუმცა რაჭველები არც ამას დასჯერდნენ და გადაწყვიტეს ახალი ნიშა აეთვისებინათ. ეწარმოებინათ მცირე რაოდენობებით ეკოლოგიურად სუფთა თაფლი, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე უფრო მეტად დაფასდებოდა.

“ფასების შედარების დროს აღმოვაჩინეთ, რომ ბიო წარმოების თაფლი 2-ჯერ ძვირი ღირს. ვინაიდან ძირითადი წარმოება რაჭაში გვაქვს და თვითონ რეგიონი არის ეკოლოგიურად სუფთა, ეს შესაძლებლობას გვაძლევს მაღალი ხარისხის თაფლის ვაწარმოოთ.

თუმცა ის თუ სერტიფიცირებული არ იქნება, მას ვერ ჩათვლიან ბიოთაფლად, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გადავწყვიტეთ”, - აცხადებს GEO NATURAL-ის თანადამფუძნებელი გიორგი იაშვილი.

Geo Natural-მა აქცენტი ბიო წარმოებაზე გააკეთა და ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით პროდუქციის ბიოსერტიფიცირების პროცესები დაიწყო.

“ჩვენ მწარმოებლებს მხარს ვუჭერთ ტექნიკურად წარმოების გამართვაში, მარკეტინგულ აქტივობებში და გაყიდვებში. ამ აქტივობების პარალელურად გვაქვს შესაძებლობა, რომ მათთვის შევქმნათ ერთგვარი ქსელი საერთაშორისო ბაზრებთან, რომ ეს პროდუქტი ექსპორტზე ფინეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, გერმანიაში და საუდის არაბეთში გავიდეს”, - ამბობს პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელი რიკარდო მონტანარი.

No description available.


მიღმა ბიო სერტიფიცირების პროცესებისა, რომელიც რაჭულ თაფლზე მოთხოვნას კიდევ უფრო მეტად გაზრდის, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით “Geo Natural”-ის წარმომადგენლებმა საერთაშორისო გამოფენებშიც მიიღეს მონაწილეობა.

“საკმაოდ მაღალი დაინტერესება მოიპოვა და ეს გრძელდება კიდეც. 2 კონტრაქტი გაფორმდა. იყო ევროპის ქვეყნებიდანაც მოთხოვნა, მათ შორის საფრანგეთიდან, იყო გამოხმაურება ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და ამერიკიდან.”-ამბობს კომპანია “GEO NATURAL”-ის თანადამფუძნებელი გიორგი იაშვილი.

No description available.

კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტ GRETA-ს დახმარებით მათ ქართული პროდუქტი მსოფლიოს გააცნეს და მოძიებულ პარტნიორებთან შეთანხმებებიც გააფორმეს. გიორგი იაშვილმა დონორების მხარდაჭერით პროდუქციის საექსპორტო მოცულობები კონკრეტულ ქვეყნებში უკვე გააგზავნა.

“პროექტი “GRETA”, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ მხარს უჭერს ბენეფიციარებს მათ შორის მარკეტინგული კუთხით. რაც საბოლოო ჯამში მეტ გაყიდვებში აისახება. საერთაშორისო მარკეტინგს კონკრეტული ინსტრუმენტები აქვს, ჩვენ ვცდილობთ გამოყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ჩვენს ხელშია, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ქართული ორგანული პროდუქტი.”-გვიყვება პროექტ “GRETA”-ს მარკეტინგისა და მონიტორინგის მენეჯერი თათა საყვარელიძე.

No description available.

თაფლის რაჭველი მწარმოებელი გიორგი იაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერის ნაწილში მნიშვნელოვანი როლი აქვს ექსპორტის მენეჯერის ჩართულობას, რომელიც მწარმოებლებს შესაბამისი უცხოელი პარტნიორების მოძიებაში და მათთან კომუნიკაციაში ეხმარება.

“მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პროცესში დავეხმაროთ, დაწყებული კომუნიკაციიდან კლიენტთან, დასრულებული გადაზიდვა იქნება ეს თუ საბაჟო პროცედურა. მათ შორის ვუკეთებთ სტრატეგიას, ვუწერთ კვლევებს, რომ უფრო კარგად გაეცნონ, იცოდნენ რომელ ბაზარზე შევიდნენ და უფრო მიზანმიმართულად იმუშაონ ამ კუთხით”, - ამბობს ექსპორტის მენეჯერი დავით მაყაშვილი.

No description available.

GEO NATURAL-ში სამომავლო გეგმები უკვე გაწერილი აქვთ. ამბობენ, რომ მთავარი სწორება ბიო თაფლის წარმოებაზე და ამ მიმართულებით სერტიფიცირების პროცესის დაწყებაზე გაკეთდება.

პირველ რიგში საფუტკრეების, შემდეგ კი უკვე საწარმოს ბიო სერტიფიცირება მოხდება. "გეო ნატურალი" ჯამში 500-მდე სკას გააერთიანებს, ამ სკებში კი რაჭველი მშრომელი ფუტკრების დამზადებული ბიოთაფლი, საერთაშორისო ბაზრებისთვის კიდევ უფრო მოთხოვნადი და ძვირადღირებული იქნება.

პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/ka



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები