მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-ს ბაზარზე გასვლა მარტივი არ არის, თუმცა ეს განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა" - ილია გეფერიძე

გეფერინი

ტყავის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "გეფერინის" გენერალური დირექტორი, ილია გეფერიძე, BMGTV-ის ეთერში "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" რუბრიკაში ევროკავშირის ბაზარზე გასვლის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს. მისი თქმით, EU-ს ბაზარზე შესვლისას, მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტების დაცვა, რაც კომპანიამ მდგრადი მოდის პრაქტიკების დანერგვით შეძლო.

"დღეს უკვე 13-მდე საექსპორტო ქვეყანაში გავდივართ, თუმცა კომპანიამ თავიდანვე დაისახა მიზნად, რომ ჩვენი მთავარი ბაზარი ევროკავშირი ყოფილიყო, რადგან ჩვენთვის სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უნდა ვეძიოთ ისეთი ქვეყნები, საიდანაც სტაბილურ შემოსავალს მივიღებთ.

თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, იმ კონკრეტული ქვეყნების სპეციფიკაცია, სადაც შესვლას გეგმავ, რათა მათთან ადაპტირება მოახდინო. როდესაც EU-ს ბაზარზე შედიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სტანდარტები დაიცვა, როგორიც არის, მაგალითად, მდგრადი მოდა, რასაც მოდის ძალიან ბევრი წამყვანი კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენც ჩავერთეთ ამ პროცესში და დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარჩენების მართვის საკითხს. ვფიქრობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით მდგრად მოდაში", - ამბობს ილია გეფერიძე.

"გეფერინის" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ მდგრადი მოდის პრინციპების დაგეგმვა კომპანიისთვისაც მოგებიანი აღმოჩნდა.

"ჩვენი წარმოების უდიდესი ნაწილი ეკომეგობრული მასალისგან დამზადებული პროდუქციაა. საწარმოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნარჩენები სწორად გამოვიყენოთ. ჩვენ მათგან საუკეთესო პროდუქტს ვქმნით, რომლებიც საინტერესო და, შესაბამისად, გაყიდვადია. ამიტომ, ეს ძალიან მოგებიანია ბიზნესისთვის და, ასევე, ეკოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს გეფერიძე.

ევროკავშირში ექსპორტის საკითხებზე საუბრისას, ილია გეფერიძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის, თუმცა, სწორი მოლოდინების შექმნის შემთხვევაში, განვითარების უამრავ შესაძლებლობასაც აჩენს.

"ევროკავშირის ბაზარზე გასვლა მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია. ჩვენთვის ეს განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა. ეს არის ბაზარი, საიდანაც კომპანიები სტაბილურ შემოსავალს მიიღებენ.

მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკრეტულად ეს სფერო (მოდა) გრძელვადიანია და, როდესაც ბიზნესს ვიწყებთ, პროექტი წინასწარ, მინიმუმ, 5-წლით უნდა დაიგეგმოს. ხშირად არის იმედგაცრუება და 6 თვეში თავს ანებებენ ხოლმე. 6 თვე ამ ბიზნესისთვის ძალიან ცოტაა, ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებ. მინიმუმ 3 წელი გჭირდება კომპანიას, რომ ერთ ბაზარზე დაიმკვიდრო თავი. მაგრამ, თუ სწორ გათვლებს გავაკეთებთ, შეგვეძლება, რომ სასურველ ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი", - ამბობს გეფერიძე.

იგი საექსპორტო ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "გეფერინის" პირველი გამოფენა დიდი წარმატებით დასრულდა.

"ჩვენი ექსპორტი 2017 წელს, საფრანგეთიდან დაიწყო. შემდეგ იყო შვედეთი. იმისთვის, რომ პოტენციური მყიდველები დავაინტერესოთ, მუდმივად ვესწრებით საერთაშორისო გამოფენებს, მაგალითად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დაფინანსებით, წელიწადში ორჯერ ვესწრებით მილანის გამოფენას, სადაც ჩვენს მყიდველებთან ურთიერთობას ვამყარებთ.

როდესაც ჩვენი პირველი პროდუქტი ქართულ ბაზარზე გამოვიტანეთ გასაყიდად, ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი დაინტერესდა. სწორედ ეს იყო პირველი ნაპერწკალი, რითაც საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობა გადავწყვიტეთ და დაინტერესებაც მივიღეთ. გვეამაყება, რომ MADE IN GEORGIA ასეთი ხარისხიანია. პირველი გამოფენის დროს ნათლად დავინახეთ, რა როლს თამაშობდა ეს ჩვენთვის და, მას შემდეგ, ყოველთვის ვესწრებით", - ამბობს ილია გეფერიძე.

"გეფერინის" ტყავისა და ტყავის შემცვლელი მასალისგან წარმოებული ჩანთები და სხვა აქსესუარები, საქართველოს და ევროპის გარდა, აშშ-ში, ჩინეთში, ჰონგ-კონგში, კანადაში, სინგაპურსა და ყაზახეთშიც იყიდება. "გეფერინი" ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ვებგვერდიდან ჩანს, რომ ჩანთებისა და აქსესუარების ღირებულება ₾30-დან იწყება და, ამჟამად, ₾329-მდე მერყეობს. საერთაშორისო ბაზარზე კი მათი პროდუქცია $27-დან $200-მდე ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები