მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს დაფინანსებით, "აქციო" საქართველოში სოციალური საწარმოების გასაძლიერებლად ₾1,2 მლნ-ის ინვესტიციას დებს - შედეგები

ბაბალე

გავლენის ფონდი "აქციო" საქართველოში სოციალური საწარმოების გასაძლიერებლად ₾1,2-მილიონიან ინვესტიციას დებს - ამის შესახებ ცნობილი "აქციოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება.

გავლენის ფონდი "აქციო", ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ხელს უწყობს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების შრომით ინტეგრაციას, განათლებას, გარემოს დაცვასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და აძლიერებს განვითარების ეტაპზე მყოფ სოციალურ საწარმოებს.

გავლენის ფონდი მოქმედ სოციალურ საწარმოებს ორი სახის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას, გავლენის შეფასებასა და მართვას სთავაზობს.

ანგარიშის თანახმად, „აქციოს“ მობილიზებული აქვს 1 200 000 ლარი, საიდანაც 500 000 ლარამდე უკვე ინვესტირებულია მის პორტფელში მყოფ 4 სოციალურ საწარმოში: "ბაბალე", "ტენე", "ჩემპი" და "ისტორიალი".

საანგარიშო პერიოდში (2023 წლის 1 იანვარი - 2024 წლის 30 ივნისი), ევროკავშირის მხარდაჭერილი გავლენის ფონდ „აქციოს“ მხარდაჭერით, სამიზნე სოციალურმა საწარმოებმა განავითარეს წარმოება, შექმნეს სრულიად ახალი პროდუქტი და მომსახურება, ასევე, გაამრავალფეროვნეს არსებული შეთავაზებები.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ინვესტიცია სოციალურ საწარმოებს წარმადობისა და შემოსვლის ზრდასა და ეკომეგობრული პოლიტიკის დანერგვაში დაეხმარა. კერძოდ:

„ბაბალე“ - დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების უზრუნველყოფისთვის, “აქციოს” ფინანსური მხარდაჭერით, ბაბალემ გააფართოვა საქმიანობის მასშტაბი, გააუმჯობესა საწარმოს მართვის პროცესები, გაამრავალფეროვნა არსებული პროდუქტი, განავითარა სრულიად ახალი პროდუქცია (კერამიკის ხაზი) და მომსახურება. შედეგად, სოციალური საწარმოს წლიური შემოსავალი 24%-ით გაიზარდა.

„ისტორიალი“ - საწარმოს მისიაა ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. სამკაულის, დეკორატიული და სასაჩუქრე პროდუქციის შექმნით, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას აცნობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს. „აქციოს“ ფინანსური მხარდაჭერით, „ისტორიალმა“ განაახლა საიუველირო სახელოსნო, რაც საწარმოს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს ლითონის ნაკეთობების ადგილზე წარმოება და ხელი შეუწყოს ოსტატების პროფესიულ განათლებასა და გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში, „ისტორიალმა“ ასევე გაამრავალფეროვნა პროდუქცია, შექმნა ორი ახალი საკოლექციო ხაზი, განაახლა ნაკეთობების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების მოსინჯვა და ამასთანავე, სამიზნე ჯგუფებისთვის დაამატა თემატური მასტერკლასების ახალი მომსახურება.

„ჩემპი“ - გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს და ინოვაციური ჯანსაღი სასუსნავების, ვაშლის ჩიფსების, წარმოებით ხელს უწყობს, ერთი მხრივ, სოფელ დიცში და მიმდებარედ მცხოვრები ქალების დასაქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვით, ფერმერული მეურნეობის და მათ შორის, უნარჩენო წარმოების განვითარებას. „აქციოს“ მხარდაჭერით, სოციალურმა საწარმომ ახალი დანადგარები შეიძინა, რომლის შედეგადაც „ჩემპის“ წლიური წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდა.

„ტენე“ - პირველი, ქართული, USB კაბელის ეკომეგობრული საწარმოა და მიზნად გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს. „აქციოს“ მხარდაჭერით შეძენილი სატრანსპორტო საშუალებითა და ტექნიკით, სოციალური საწარმო აფართოებს პლასტმასას ჩაბარების პუნქტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საანგარიშო პერიოდში, „ტენემ“ ყოველთვიურად შეგროვებული პლასტმასას რაოდენობა 2-ჯერ გაზარდა. ასევე, 2000-დან 5300-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ახარისხებენ და აბარებენ პლასტმასას, ხოლო 200-დან 350-მდე გაიზარდა სკოლებსა და ორგანიზაციებში განთავსებული მწვანე ყუთების რაოდენობა.

„აქციოს” სოციალური საწარმოების ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესაძლებლობას ევროკავშირის დაფინანსება და გავლენის ინვესტორების ფინანსური წვლილი აძლევს. გავლენის ფონდის გეგმაა, 2023-2027 წლებში მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე, სულ მცირე, 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები