მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, EU-ის დახმარების გარეშე - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით აღებულ ყველა ვალდებულებას საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე შეასრულებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ განაცხადა, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული იქნება.

საქმე იმაშია, რომ მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს.

"ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.

ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ ღირსეულად უნდა ელაპარაკონ. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გამოყენება საზოგადოების გახლეჩისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად, ევროკავშირს საქართველოში სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირს ამ რეპუტაციულ ზიანს სამომავლოდ აარიდებს თავიდან.

დასასრულს, კიდევ ერთხელ თამამად გვინდა განვაცხადოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა კობახიძემ.

რატომ მოხსნა "ოცნებამ" EU-სთან მოლაპარაკების პროცესი დღის წესრიგიდან? - ტექსტი სრულად

შეგახსენებთ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”. 17 ოქტომბერს კი, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ და მხოლოდ მიმდინარე პროგრამების ნაწილში ეს თანხა 121 მლნ ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები