მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრტმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია განხილვა, როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. ის ქართველი ხალხი სახელით საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების მცდელობა საქართველო-ევროკავშირის მოვლენები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად აქციეს, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. BM.GE მმართველი პარტიის ოფისში საქართველოს მეთაურის განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი-2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს.
ამასთან, ამ ფონზე, საქართველოს სთხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვ.
ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ. ეს არის ქართული საზოგადოების, იმ 1 120 000 ამომრჩევლის დაკვეთა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კურსს მყარი ნდობა გამოუცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.
ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ ღირსეულად უნდა ელაპარაკონ. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გამოყენება საზოგადოების გახლეჩისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად, ევროკავშირს საქართველოში სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირს ამ რეპუტაციულ ზიანს სამომავლოდ აარიდებს თავიდან.
დასასრულს, კიდევ ერთხელ თამამად გვინდა განვაცხადოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ".
შეგახსენებთ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე-ფაქტო შეჩერდა”. 17 ოქტომბერს კი, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.
ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ და მხოლოდ მიმდინარე პროგრამების ნაწილში ეს თანხა 121 მლნ ევროა.