მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ლიდერები აპირებენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ - Reuters

Reuters

მიმდინარე თვის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებამდე, ევროკავშირის ლიდერები აპირებენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის თანახმად, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებულ დასკვნაში, ბლოკი ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე, მაგრამ ასევე იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, სავარაუდოდ, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.

"ევროპის საბჭო მოელის საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები", - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები დასკვნის პროექტის მიხედვით.

სტატიაშია აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველები გაწევრიანების მომხრენი არიან. მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რუსეთისადმი მზარდმა მეგობრულმა რიტორიკამ, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ საკამათო კანონმა და კანონმდებლობამ, რომელიც ზღუდავს LGBT უფლებებს, გამოიწვია შეშფოთება დასავლეთის დედაქალაქებში.

Reuters-ის სტატიას ახლავს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდის ფოტო, რომელზეც განადგურებული უკრაინული ქალაქის გვერდით ბათუმის ფოტოა გამოსახული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები