27 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბლოკის წამყვან თანამდებობებზე ახალი ტრიოს დანიშვნას - შეთანხმების თანახმად, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპული კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად კიდევ ერთი ვადით, მომდევნო 5 წლით აირჩიეს.
ფონ დერ ლაიენთან ერთად, ევროკავშირის წამყვან უწყებებს ორი ახალი სახეც უხელმძღვანელებს:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოზიციაზე შარლ მიშელს პორტუგალიის ექსპრემიერი, ანტონიო კოსტა ჩაანაცვლებს, ბლოკის წამყვან დიპლომატად კი ესტონეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აირჩიეს - იგი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი იქნება.
ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის კანდიდატურას კენჭს ევროპული პარლამენტი უყრის, კოსტას კანდიდატურას კი მხოლოდ ევროკავშირის ლიდერების მხარდაჭერა სჭირდება - შესაბამისად, შარლ მიშელს იგი პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას მომავალი შემოდგომიდან დაიწყებს.
720 ევროპარლამენტარი ევროკავშირის წამყვან თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს ხმას, სავარაუდოდ, ივლისში, ევროპული პარლამენტის პირველ სხდომაზე მისცემენ - კანდიდატის დასამტკიცებლად საჭირო 361 ხმაა.