მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის 2028 წლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

eu

15 ივლისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ლტოლვილი პირებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი კიდევ ერთი წლით, 2028 წლის 4 მარტამდე გაახანგრძლივონ.

გარდა ამისა, როგორც ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი, ლტოლვილთა დაცვისა და რუსეთის უკანონო აგრესიული ომისგან უკრაინის თავდაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დროებითი დაცვის სტატუსი მიეცემათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უკრაინაში თავიანთ სამხედრო ვალდებულებებს არ გაურბიან. ეს შეზღუდვა შეეხება მხოლოდ დროებითი დაცვის სტატუსის ახალ მაძიებლებს. ის არ გავრცელდება მათზე, ვინც უკვე სარგებლობს აღნიშნული სტატუსით ევროკავშირში.

"ჩვენ კვლავაც ურყევად ვუჭერთ მხარს უკრაინას რუსეთის უკანონო აგრესიული ომის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი წლით - 2028 წლის მარტამდე - გავახანგრძლივოთ დაცვის სტატუსი, რომელსაც ომს გამოქცეულ ადამიანებს ვანიჭებთ. ეს უზრუნველყოფს სტაბილურობას მათთვის, ვინც თავშესაფარი ევროკავშირში ჰპოვა. სიგნალი ნათელია: ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ამავდროულად, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ჩვენი დროებითი დაცვის სქემა ითვალისწინებს უკრაინის ლეგიტიმურ საჭიროებებს," - ამბობს ჯიმ ო'კალაჰანი, ირლანდიის იუსტიციის, საშინაო საქმეთა და მიგრაციის მინისტრი.

პრაქტიკაში, დროებითი დაცვის მისაღებად უკრაინიდან ლტოლვილ პირებს სამხედრო ვალდებულებების შესრულების დადასტურება მოუწევთ.

აქამდე დროებითი დაცვის სტატუსი 2027 წლის 4 მარტამდე იყო გაგრძელებული. 2022 წლის მარტიდან ამ სტატუსით უკრაინიდან ლტოლვილმა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

რა არის დროებითი დაცვა?

დროებითი დაცვა ითვალისწინებს დაუყოვნებელ და კოლექტიურ დაცვას ლტოლვილთა იმ დიდი ჯგუფისთვის, რომლებიც ჩადიან ევროკავშირში და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ.

დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ეს უფლებები მოიცავს:

  • ბინადრობის უფლებას;
  • შრომის ბაზარსა და საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას;
  • სამედიცინო დახმარებას;
  • სოციალურ დახმარებას;
  • ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

ევროკავშირმა უკრაინიდან ლტოლვილი პირებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2022 წლის მარტში აამოქმედა.

დროებითი დაცვა არის ევროკავშირის საგანგებო მექანიზმი, რომელიც აქტიურდება გამონაკლის შემთხვევებში ლტოლვილთათვის კოლექტიური დაცვის უზრუნველსაყოფად. დროებითი დაცვის შესახებ ევროკავშირის დირექტივა 2001 წელს, დასავლეთ ბალკანეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მასშტაბური გადაადგილების საპასუხოდ მიიღეს. ეს მექანიზმი პირველად რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები