მიმდინარე წელს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ტურიზმის სექტორისთვის ორი მნიშვნელოვანი ტრენინგ-სერია განხორციელდა. ესენია, საფეხმავლო ბილიკების მარკირება და მოვლა-პატრონობა და საფეხმავლო გიდების გადამზადება-სერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
საფეხმავლო ბილიკების მარკირება და მოვლა-პატრონობის ტრენინგის ფარგლებში, 20-მდე ადგილობრივმა, სამთო ბილიკების მარკირებისთვის აუცილებელი ჯერ თეორიული ნაწილი შეისწავლა, ხოლო შემდეგ მიღებული უნარ-ჩვევები წარმატებით დანერგა ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში. შედეგად, პროექტის მონაწილეებმა მოაწესრიგეს და მონიშნეს სოფელ მაზერში მდებარე, შდუგრას ჩანჩქერამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი.
„ჩვენ გვქონდა ტრენინგი, სადაც „გრეტას“ დახმარებით, ადგილობრივი ახალგაზრდები ჩაერთნენ. მათ ისწავლეს ბილიკების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის და შენახვის ძირითადი პრინციპები, ასევე დეტალურად გაეცნენ საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის რეგლამენტს; ზოგადად, ბილიკების მოვლა-პატრონობის მნიშვნელობას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ მოვნიშნეთ სოფელ მაზერისა და ჩანჩქერ შდუგრას დამაკავშირებელი ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად და ასევე სვანეთის საფეხმავლო ბილიკების გენერალური გეგმაც შევქმენით, რომლის სიგრძე, დაახლოებით, რომ მოიცვას მთელი სვანეთი, იქნება 400 კმ და დააკავშირებს ჭუბერიდან უშგულამდე ყველა სოფელს, როგორც მდინარე ენგურის მარცხენა, ისე მარჯვენა ნაპირებს და ერთიან ქსელში იქნება მოქცეული ზემო სვანეთის საფეხმავლო ბილიკები და შეიქმნება ერთიანი სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება, სამომავლოდ ერთი ღირძი, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ბილიკი, ხოლო დანარჩენი ბილიკები იქნება ლოკალური ან რეგიონალური მნიშვნელობის, რომელიც მაგალითად ქვემო სვანეთს დაუკავშირდება, ან რაჭა-ლეჩხუმს და ეს ქსელი მოგვცემს იმის საშუალებას რომ ადამიანმა უწყვეტად იმოგზაუროს ერთი რეგიონიდან, მეორეში და შემდეგ როდესაც მოეწყობა ეს ეროვნული მნიშვნელობის ქსელი, მთელი საქართველო დაფაროს, დაიწყოს მოგზაურობა სვანეთში და დაასრულოს მაგალითად მიჯნის ყურეში“, - აღნიშნა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელმა, ჯონი კაპანაძემ.
მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ტურისტებს და იმ ადამიანებს, ვინც მოინახულებს მაღალმთიან რეგიონებს, რომ უფრო კომფორტულად, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება და მოინახულონ ეს შთამბეჭდავი ადგილები საქართველოში.
ასევე, ევროკავშირის შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ჩატარდა საფეხმავლო გიდების ტრენინგის ვრცელი კურსი, რომლის შედეგად, გადამზადდა კიდევ 20 მონაწილე. ტრენინგის მონაწილეები, მთელი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ თეორიულ მასალას და შემდგომ გადიოდნენ პრაქტიკულ წვრთნებს საველე პირობებში.
„ტურიზმის განვითარებას, დონორები ისეთი აქტივობებით ცდილობენ, რომლებიც გარემოზე მინიმალური ზემოქმედებითა და ჩარევით მოიტანს მაქსიმალურ სარგებელს, პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს დასაქმებას, შემოსავლების ზრდას, ან თუნდაც იმას, რომ მიგრაციული პროცესები შეჩერდეს, პირიქით უნდა წახალისდეს დაბრუნება ამ ადგილებში. ეს ტენდენცია დაწყებულიც არის და ახალგაზრდებმა დაიწყეს მამა-პაპისეულ მიწებზე დაბრუნება, დაიწყეს სახლების აღდგენა და აკეთებენ საინტერესო ტურისტულ ბიზნესებს, იქნება ეს რაჭა-ლეჩხუმი თუ სვანეთი. რაც შეეხება გზებს, რომლითაც გვინდა პროექტის განხორციელება, პირველი ეს არის სტრატეგიული და პოლიტიკური დონე, რომელიც გულისხმობს ხარისხისა და სტანდარტების ამაღლებას ტურიზმის დარგში, იქნება ეს გიდების ხარისხის ამაღლება, სტანდარტების დამკვიდრება , შესაბამისად 20-მდე გიდი გადამზადდა და მიიღეს სერტიფიკატი. ჩვენ ვაგრძელებთ სხვა სათავგადასავლო მიმართულებიითაც მუშაობას და გვინდა დასავლური ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს საქართველოში და როდესაც ჩამოდის ქვეყანაში ტურისტი, რომელიც დაინტერესებულია სათავგადასავლო მიმარულებით, ის დარწმუნებული უნდა იყოს ხარისხში და ამისთვის ყველაფერს ვაკეთერბთ. გარდა ამისა ჩვენთვის საინტერესოა საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობა, ინოვაციური პროდუქტების დანერგვა და მათი დახმარება არა მხოლოდ მატერიალური რესურსებით და ფინანსურად, არამედ ტექნიკურ დახმარებასაც მოიცავს, რომ უფრო სწრაფად გაიარონ ის კიბე და განვითარების საფეხურები, რომ მივიდნენ იმ დონეზე რომ ყველანაირად აკმაყოფილებდნენ მსოფლიო სტანდარტს,» - განაცხადა პროექტ GRETA-ს მენეჯერმა, ტურისმის მიმართულებით, ირაკლი კუციამ.
ინფორმაციისთვის, თავად ტრენინგებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მსგავსი აქტივობების მთავარი მიზანი არის ის, რომ ქართველი გამყოლის პროფესია ასოცირდებოდეს მაღალი ხარისხის სანდო სერვისთან, საერთაშორისო სტანდარტთან და გახდეს მსოფლიოში აღიარებული ბრენდი, საქართველოში მოგზაურობა კი იყოს უსაფრთხო, კომფორტული და სასურველი ყველა ტურისტისთვის.
ცნობისთვის, პროქტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში" ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით უკვე ორი წელია მიმდინარეობს, და მას საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს და აღნიშნულ სექტორებში ჩართულ აქტიურ მონაწილეებს, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები და გაიუმჯობესონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ამ ვებგვერდზე: www.gretaproject.ge