ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იტყობინება, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობა დაძლიეს.
“შეთანხმება მიღწეულია. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა EU-ს ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დამატებით 50 მილიარდ ევროიანი პაკეტის გამოყოფაზე. ამ გადაწყვეტილებით უკრაინისთვის სტაბილური, გრძელვადიანი დაფინანსება გარანტირებულია. ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე იღებს; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე”, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში გამართულ შეხვედრებზე, ვიქტორ ორბანი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელმაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.