მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს წევრმაც სცადა მსგავსი კანონის მიღება, თუმცა სასამართლომ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დაასაბუთა - ელჩი

64020aa98ffb7
შოთა ტყეშელაშვილი
03.03.23 19:30
915
“ერთ–ერთმა ჩვენმა წევრმა სახელმწიფომ სცადა იგივე ტიპის კანონმდებლობის შემოღება და ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ დაასაბუთა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. ამდენად, მკაფიო შეუთავსებლობა არსებობს უცხოური გავლენის აგენტების კანონსა და იმ ღირებულებებსა და პრინციპებს შორის, რაც ევროკავშირს გააჩნია,”- ამის შესახებ, BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ევროკავშირის ელჩი ასევე განმარტავს, რომ “უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტები შეუთავსებლობაშია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ორთან მიმართებით. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით.

“საქართველომ მიიღო 12 პრიორიტეტი. იმისთვის, რომ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგას. და ამ კანონპროექტის სახით, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და ევროპის ნორმებთან. მესმის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს დისკუსიის შესაძლებლობა. არსებობს შესაძლებლობა რეფლექსიის. მაგრამ როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ჩემი მოვალეობაა რომ თავიდანვე ვთქვა, ამ დისკუსიის ყველაზე ადრეულ ეტაპზე, რომ ასეთი კანონი უბრალოდ შეუთავსებელი იქნება იმასთან, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ევროკავშირი. ეს შეუთავსებლობა ვლინდება პრიორიტეტ ნომერ შვიდში და პრიორიტეტ ნომერ ათში – ერთი ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და მეორე – მედიის თავისუფლებას. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას. აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია – ეს ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ნაცვლად იმისა, რომ მოვახდინოთ მათი სტიგმატიზება.

ამ პრეცედენტის შესახებ ყველამ კარგად იცის. ერთ–ერთმა ჩვენმა წევრმა სახელმწიფომ სცადა იგივე ტიპის კანონმდებლობის შემოღება და ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ დაასაბუთა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. ამდენად, მკაფიო შეუთავსებლობა არსებობს უცხოური გავლენის აგენტების კანონსა და იმ ღირებულებებსა და პრინციპებს შორის, რაც ევროკავშირს გააჩნია. მიხარია, რომ დღეს ჯონის გვერდით ვზივარ – ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გვერდით, რადგან რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ ბიზნეასოციაციების განცხადება, რომლებმაც ხმა აიმაღლეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ეს კანონი არ ეხება მხოლოდ ბიზნეს საზოგადოებას ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ან ევროკავშირის ელჩს, რომელიც ხმაურობს ამ თემაზე, არამედ ეს საკითხი ფუნდამენტურად უარყოფით გავლენას ახდენს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ეხმარება სხვა ადამიანებს, უფრო სუსტებს და უფრო მოწყვლადებს,”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები