მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU, საფრანგეთი და ჩეხეთი საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ

618be6b021217
თამთა ჯიჯავაძე
10.11.21 20:30
754
EU, საფრანგეთი და ჩეხეთი საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ. დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ხელმოწერის ცერემონიალით აღინიშნა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ პროექტის დაწყება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, "ექსპერტიზ ფრანსის" (Expertise France - Agence Française de Développement Group − AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ (CzDA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და ბატონმა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ. სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა ქალბატონმა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხოლო პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარუდგინა პროექტი.

„სოციალური დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნოთ საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს სოციალურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ19-ის რეალობის გათვალისწინებით, რადგან უამრავი ადამიანი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას. ამის გათვალისწინებით, მოხარულნი ვართ, დავიწყოთ ახალი პროექტი Team Europe პარტნიორებთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს, უახლოეს წლებში პოზიტიურ ცვლილებებში აისახება“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა კი განაცხადა: “საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებს შორის უკვე არსებობს გლობალური ალიანსი და მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობამ განვითარება პოვა საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხისა და შესაბამისი მთავრობების არჩევანს, განავითარონ ძლიერი, დინამიკური ევროპული მოდელის დემოკრატიული სისტემა საქართველოში, რაც ლოგიკურია, განხორციელდეს ისეთ წარმატებულ და დინამიკურ აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობით, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და სოციალური კოდექსის შემუშავებას, წარმოადგენს უფრო ფართო ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს“.

„სოციალური კოდექსის შემუშავება ის საკვანძო რეფორმაა, რომელიც მიმართულია საქართველოში ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემის დასაფუძნებლად, რაც ასევე ითვალისწინებს სოციალური დაცვის სერვისების დეცენტრალიზაციას. ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოხარულია "ექსპერტიზ ფრანსთან" გაერთიანებული ძალებით გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა, პეტრ მიკისკამ საქართველოში.

„სოციალური კოდექსის შემუშავებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემები და მექანიზმები. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისკენ“, განაცხადა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს
საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერას სოციალური სერვისების განვითარების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური უფლებების გაძლიერების კუთხით. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე, ხოლო ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორები Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

პროექტი განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების (შემწეობის) remittances გაუმჯობესებას. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას. მესამე კომპონენტის ფარგლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას. კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რასაც შედეგად მოჰყვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება და საკანონმდებლო პროცესი.

პროექტის პირველი ფაზა უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პოლიტიკის იმ საკვანძო მიმართულებებსა და სტრატეგიებზე შეჯერება, რომლებიც აუცილებელია სოციალური დაცვის სერვისების განვითარების გასაუმჯობესებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები