ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოში მიმართ მეტი უნდა გააკეთოს.
დღეს, 19 მარტს, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ნაჩო სანჩეს ამორმა გააკრიტიკა ევროკომისია, რომელიც ვერ ახერხებს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების მიღებას. მიზეზი უნგრეთი და სლოვაკეთია. ევროკავშირის ეს ორი ქვეყანა, რომლებიც წელიწადზე მეტია ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს ბლოკავენ.
"ევროკავშირი საქართველოს მიმართ სერიოზულ ზომებს არ იღებს. დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით [გადაწყვეტილება], სწორედ რომ მხოლოდ ხუმრობაა. ყველას აქვს მეორე პასპორტი და არ ვიცი, რა რეალური ბერკეტები არსებობს იმის დასაბლოკად, რომ ამ ადამიანებმა არ გამოიყენონ სხვა პასპორტები დიპლომატიურის ნაცვლად, რათა კვლავ იარონ პარიზის მოდის კვირეულებზე ან მოინახულონ თავიანთი შვილები ძვირად ღირებულ კოლეჯებსა და სასწავლებლებში საფრანგეთში.
ერთი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი და საზოგადოებას ვუთხარით, რომ ბრიუსელი და ევროკავშირი მზად იყვნენ სანქცირებულ პირთა ვრცელი სიის გამოსაქვეყნებლად, რომელთაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებოდათ. ჩვენ ვიყავით ამ ინფორმაციის გამავრცელებლები, თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს, გაჩნდა გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები. ჩვენ დავდეთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა.
არა მხოლოდ არაფერი მომხდარა, არამედ ჩნდება კითხვა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ: რატომ არ წარუდგენთ საბჭოს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების რეჟიმს?! გთხოვთ, ნუ მეტყვით, რომ კონსენსუსი არ გაქვთ. ვიცი, რომ კონსენსუსი არ არის და უნგრეთი წინააღმდეგია, მაგრამ ამით მაინც გააგზავნით პოლიტიკურ გზავნილს, რომ საქართველო სრულ იზოლაციაშია და მხოლოდ უნგრეთის ფარს ამოეფარა. გთხოვთ, გააკეთეთ ეს", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბიზნესს ინტერესებისთვის რუსეთთან დარჩენა სჯობს.
ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ქართველი ჟურნალისტი გურამ როგავა და ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) მკვლევარი თინათინ ახვლედიანი. ჟურნალისტმა საკუთარ გამოსვლაში ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს მათი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია.




























