მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $3 მლრდ-ია - რას ვყიდით/ვყიდულობთ ევროკავშირში

61f93a41ad645
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.22 09:00
1223
2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6%-ით მეტია. მთლიან ბრუნვიდან ევროკავშირის 27 ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 3. 024 მლრდ დოლარი იყო, რაც 2020 წლის მონაცემებს 18.7%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდე პერიოდში ბრუნვის რიცხვებს ჩამორჩება (2019 წელი - 3.1 მლრდ დოლარი), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი პანდმიამდე არსებულს მიუახლოვდა.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია და გასულ წელს საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით სულ 717.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც ასევე პანდემიური 2020 წლის ექსპორტს 2.9%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 10.9%-ით ნაკლებია.

ევროკავშირში 2021 წელს გაყიდულ სასაქონლო ჯგუფებში მთავარ საქონელს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენდა. 27 ქვეყანაში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 314.9 მლნ დოლარი, 143 404 ტონა;
2. თხილი და სხვა კაკალი - 80 მლნ დოლარი, 16 333 ტონა;
3. მინერალური და ქიმიური სასუქები - 47.3 მლნ დოლარი, 177 641 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 28.6 მლნ დოლარი, 8 685 ტონა;
5. ფეროშენადნობები - 23.8 მლნ დოლარი, 17 534 ტონა;
6. მსუბუქი ავტომობილები - 21 მლნ დოლარი;
7. სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტი - 20.8 მლნ დოლარი, 6 780 ტონა;
8. მინერალური და მტკნარი წყლები - 20 მლნ დოლარი, 30 724 ტონა;
9. ძვირფასი ლითონების ჯართი - 19.6 მლნ დოლარი, 152 ტონა;
10. ხის ნაწარმი - 11.3 მლნ დოლარი, 4 243 ტონა.

რაც შეეხება იმას, თუ რას ვყიდულობთ ევროკავშირის ქვეყნებში, საქსტატის მონაცემებით, იმპორტს საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვაში უმეტესი ნაწილი უკავია. გასულ წელს კი სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ქვეყნიდან ამ მიმართულებით 2.307 მლრდ დოლარი გავიდა, რაც აღემატება როგორც 2020-ის, ასევე 2019 წლის მაჩვენებელს (2020 წელი - 1.8 მლრდ დოლარი; 2019 წელი - 2.304 მლრდ დოლარი).

აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეულის პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორეს - სამკურნალო დაფასოებული საშუალებები, მესამეს კი მსუბუქი ავტომობილები იკავებს. რაც შეეხება რეიტინგს, TOP-10 საქონლის სია ასეთია:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 312.9 მლნ დოლარი, 446 095 ტონა;
2. სამკურნალო დაფასოებული საშუალებები - 223.2 მლნ დოლარი, 3 171 ტონა;
3. მსუბუქი ავტომობილები - 128.1 მლნ დოლარი;
4. სატვირთო ავტომობილები - 64.1 მლნ დოლარი;
5. სატელეფონო აპარატები - 40 მლნ დოლარი, 170 ტონა;
6. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 38.5 მლნ დოლარი;
7. ადამიანის და ცხოველის სისხლი, იმუნური შრატები - 38.1 მლნ დოლარი, 41 ტონა;
8. შერეული საქონელი - 33 მლნ დოლარი;
9. სამედიცინო და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი მოწყობილობები - 31.2 მლნ დოლარი, 346 ტონა;
10. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 31.1 მლნ დოლარი, 185 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები