შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ლოიალობა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ დასტურდებოდა, დღეს მკაცრმა და პრინციპულმა ტონმა ჩაანაცვლა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უვიზო მიმოსვლის სიკეთე და შეჩერების რისკები იყო.
„ნელ-ნელა უფრო პრინციპული ხდება ევროკავშირი. მას ახასიათებდა ლოიალობა საქართველოს მიმართ. ჩვენც გვქონდა გარკვეული გადაცდომები, თუნდაც უვიზო რეჟიმის ნაწილში, მაგრამ მაინც საუკეთესო მაგალითად გვასახელებდა ევროკავშირი და ეუბნებოდა სხვა ქვეყნებს, რომ აი, საქართველოს მაგალითი მაინც წარმატებულია. დღეს უფრო პრინციპულია EU, გაბრაზებულიც არის და ეს ეტყობა“,- განაცხადა ქარდავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ექსპერტის ვარაუდით, ევროკავშირი ამ ნაბიჯის გადადგმას მთელი ქვეყნის მიმართ მაქსიმალურად მოერიდება, თუმცა ინდივიდუალური შეზღუდვები უფრო რეალურია, რასაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმებიც უწყობს ხელს.
„მე მაინც ვთვლი, რომ საქართველოსთვის უვიზოს წართმევამდე ევროკავშირი არ მივა, თუმცა დიპლომატიური და თანამდებობრივი პირებისთვის [უვიზოს გაუქმება] უფრო რეალისტურია“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ თუ დროთა განმავლობაში, ევროპული მხარე ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებზე მოთხოვნას ვერ დაინახავს, რისკები გაიზრდება.
„წერტილთან“ ინტერვიუში ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხშირად მხოლოდ დიდ ქალაქებთან ასოცირდება, რეალობა კი რეგიონებში რადიკალურად განსხვავებულია. მან გაიხსენა თავისი სამუშაო გამოცდილება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც დღეს უკვე გაუქმებულია.
„კარდაკარ შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო. საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი ვიყავი, რაც დახურეს და ზუსტად ისინი მთხოვდნენ, რომ მივსულიყავი აი, რეგიონებში, სოფლებში და მელაპარაკა ევროკავშირზე და მეთქვა მოსახლეობა, ევროკავშირს რა აქვს დადებითი. თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან რთული იყო... თბილისით, ბათუმით, მხოლოდ დიდი ქალაქებით ვერ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ცნობიერების ამაღლების სამუშაოები გასაგრძელებელია.
ამასთან ეკა ქარდავას დაკვირვებით, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც პირდაპირ აისახება ევროპული ღირებულებების და სიკეთეების აღქმაზე.
მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც ევროკავშირის სიკეთეები საკუთარ თავზე ვერ იგრძნო, რაც მათ დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადს ხდის.
„იცით, როგორი მომენტია, დეზინფორმაციამ ძალიან „გადაუარა“ საქართველოს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც რეალურად არ უგრძვნია ევროკავშირი. სხვათა შორის, ეს ჩვენი პრობლემაა და ისევ ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია - ამ 30-წლიანი დინამიკის განმავლობაში, რატომ გვყავს საზოგადოების ისეთი ნაწილი, რომელმაც ვერასოდეს ვერ იგრძნო ევროკავშირი?!“ - აღნიშნა ქარდავამ.
ამ თემაზე მას სოციალურ ქსელში პოსტიც ჰქონდა გამოქვეყნებული, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
„უვიზო რეჟიმი ევროკავშირში 61 სახელმწიფოს აქვს, მათ შორის ბევრია არადემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ გაწევრების კანდიდატის სტატუსის მქონე და გაფართოების ქვეყნებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის სტანდარტების ერთგულება.
სამწუხაროდ, საქართველოში ძირითადად ორი კატეგორიის ადამიანებისგან ვისმენთ იმას, რომ "დიდი ამბავი თუ უვიზოს დავკარგავთ".
- ისინი, ვინც მდიდრები არიან, და რომლებისთვისაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც პროცედურულად და არც ფინანსურად ვიზის მოპოვება.
- ღარიბები, რომლებმაც ვერც გამოიყენეს ეს სიკეთე და წარმოდგენაც არ აქვთ რას ნიშნავს ეს უვიზო, მაგრამ რა მაოცებს იცით?! რომ იძახიან ქრისტიანები ვართ, დიდი ერი ვართ, დემოკრატიით და განვითარებით კარგად ვართ, მაშინ სად არის ის ელემენტი, რომ თუ შენ არ გინდა ეს უვიზო, მე რატომ მიშლი ხელს მინდოდეს და მქონდეს? სად არის აქ ქრისტიანობა ან ჰუმანიზმი ან გვერდით მყოფთა მხარდაჭერა ან ურთიერთგაგება ან დემოკრატია? რატომ მართმევ ამ შესაძლებლობას? შენ არ გამოიყენო, მე მექნება... გარდა ამისა, რატომ ართმევ ქვეყანას იმას, რისთვისაც შრომობდა, მუშაობდა და იბრძოდა 2013 წლიდან (ბოლო 12 წელი), მას შემდეგ, რაც VLAP (ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მისცეს საქართველოს), არაფერი რომ ვთქვათ მანამდე წლებსა და შრომაზე?
რომელ ნიუანსში მართლდება უვიზოს დაკარგვა? მიღწეულის წაშლა? რატომ? მინიმუმ ხომ უნდა გავიგო, ამიხსნა...
რაც შეეხება, ევროკავშირის მხრიდან მოჭარბებულ სენსიტიურობას და ტონს საქართველოს მიმართ, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, თუმცა თუ კარგად წავიკითხავთ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშს, ევროკავშირის საბჭოს დასკვნასა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს, ევროკავშირი მზად არის ყოველთვის ისაუბროს საქართველოსთან, მთავარია ჩვენგან შეწყდეს ტყუილების დაბრალება და ჩვენვე დავბრუნდეთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში...“, - წერს ეკატერინე ქარდავა.




























