EU-ში ფრენის დროს 5G ინტერნეტის გამოყენება დაიშვება - რას გეგმავს აშშ?
ფრენების დროს მობილურ ტელეფონებზე ე.წ. “თვითმფრინავის რეჟიმის” ჩართვის ეპოქა დასასრულს უახლოვდება - ევროკომისიის მიღებული დადგენილებით, ავიაკომპანიებს თვითმფრინავებში 5G ინტერნეტის გამოყენება შეეძლებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფრენის დროს მგზავრებს შეეძლებათ საკუთარი მობილურებით განახორციელონ სატელეფონო ზარები, გაგზავნონ ტექსტური შეტყობინებები და გამოიყენონ სტრიმინგ სერვისები, რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით.
ევროკავშირის გარდა, ფრენის დროს რიგი მობილური მოწყობილობის გამოყენება აშშ-შიც ნებადართულია, მათ შორის, WiFi-ც, თუმცა შტატებში ფრენის დროს 5G ინტერნეტის გამოყენება ჯერჯერობით ნებადართული არ არის, რამდენადაც, სპეციალისტების თქმით, 5G -ის გაფართოების ზონა აშშ-ში ამერიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე - ევროკავშირში. ამერიკის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 5G-ის მომდევნო ვერსია - C-band 5G - უფრო სწრაფია და მისი რადიო ტალღები შტატებში 3.7-დან 4.2 გიგა ჰერცამდე აღწევს. ეს უკანასკნელი კი ევროპაში 3.3-დან 3.8 გიგა ჰერცამდე მერყეობს.
იმის გამო, რომ ისეთი სატელეკომუნიკაციო კომპანიები, როგორებიცაა AT&T და Verizon-ი C-band 5G-ს გამოყენებას იწყებენ, ამერიკაში ფრენის დროს, უფრო მაღალი სიჩქარის მქონე 5G სიხშირის გამოყენება კამათის საგანი გახდა. მიზეზი ისაა, რომ აერონავტიკის რადიოს ტექნიკური კომისიის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, “ეს ნაბიჯი თვითმფრინავებისთვის მავნე ჩარევად” ფასდება.
მაშინაც კი, თუ აშშ-ში ფრენის დროს 5G-ის გამოყენება დაშვებული იქნება, საზოგადოება მაინც ვერ შეძლებს მობილურების სრულად გამოყენებას, თუ თვითმფრინავებზე დაბალი სიმძლავრის უჯრედის ანძა - ე.წ. პიკოცელი არ იქნება დამონტაჟებული. ამას პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი - სვენ ბილენი ამბობს და მიზეზად ასახელებს იმას, რომ ინტერნეტდაფარვა ტიპიური უჯრედული კოშკების დიაპაზონს მიღმა რჩება.
იმის მიუხედავად, რომ C-band 5G საავიაციო ინდუსტრიაში კამათის ობიექტად იქცა, ის ბოლო წლების განმავლობაში პოპულარული გახდა იმით, რომ მომხმარებელს უფრო მეტ სიჩქარეს სთავაზობს, ვიდრე - 4G LTE და 5G. ამასთან, C-band 5G, წინამორბედებთან შედარებით, უფრო ფართო დაფარვის არეალსაც უზრუნველყოფს.
ყველაფერი კი 1991 წლიდან იწყება - როცა შეერთებულ შტატებში, ავიაციის ფედერალურმა ასოციაციამ მობილური ტელეფონების გამოყენება იმის გამო აკრძალა, რომ მოწყობილობის სიგნალები შეფასდა, როგორც "საფრენი აპარატის კრიტიკული ინსტრუმენტებისთვის" ხელის შემშლელი. თუმცა, ამერიკელები ამ წესებს სულ უფრო ხშირად უგულებელყოფდნენ - სამოგზაურო დაზღვევის კომპანიის Allianz Global Assistance-ის 2017 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მგზავრების 40% ფრენის დროს მობილურში თვითმფრინავის რეჟიმს არ რთავს. ხოლო AT&T-ის 2019 წლის გამოკითხვით, გამოკითხულთა 67% ფრენის დროს ტელეფონს მთლიანად თიშავს.
საფონდო ბირჟები