სულ რამდენიმე წელიწადია, რაც გლობალურ ბაზარზე მეხუთე თაობის ინტერნეტი გამოჩნდა და ის ჯერაც მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი, თუმცა ჩინეთში უკვე დაიწყეს ახალი, 5.5G ინტერნეტის დანერგვა, რომელიც 5G-ზე გაცილებით უფრო სწრაფია.
სატელეკომუნიკაციო კომპანია China Mobile-მა უკვე ოფიციალურად აამოქმედა თავისი 5.5G ქსელი, რომლითაც სარგებლობა ახალი თაობის სმარტფონებს შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ პირველი მობილური მოწყობილობა, რომელიც 5.5G მოდემით აღიჭურვება, ასევე ჩინური წარმოების Oppo Find X7 იქნება.
5.5G-ის ასევე მოიხსენიებენ 5G-Advanced-ის ან 5GA-ის სახელით, რომელიც 4G LTE-ის ანალოგია და მიზნად ისახავს როგორც სიჩქარის გაზრდას, ასევე ინტერნეტის დაყოვნების შემცირებას.
როგორც China Mobile-ში აცხადებენ, მათი 5.5G ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 10 გბ/წმ-ს აღწევს, ატვირთვის სიჩქარე კი 1 გბ/წმ-ის ფარგლებშია, რაც მობილური ინტერნეტის რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ 5.5G ეყრდნობა 5G-ის ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და მისთვის ცალკეული ცენტრების აშენება არ არის საჭირო, რაც ბაზარზე 6G-ის გამოჩენის შემთხვევაში გარდაუვალი იქნება.