მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში გაწევრიანებისთვის ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას ძალიან დიდი როლი ექნება - დავითაშვილი

პარლამენტში

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ახლა სუვერენული ქვეყანა ვართ, თუმცა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ასევე მის შენარჩუნებას და სწორად მართვას.

დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირის წევრობასთან, როგორც დღესაა.

„დღევანდელი დღის თემატიკა - რომ ჩვენ რაც გვიყვარს, რაც გვეამაყება, ის გვაერთიანებს და მხოლოდ ერთობლიობით შეიძლება გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის აღნიშვნა ისეთ გარემოში მიმდინარეობს, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევაა მსოფლიოში, მათ შორის სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მიმდინარე წელი ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევებითაც - ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ახლა, ვიდრე ოდესმე ისტორიის მანძილზე, ყველაზე ახლოსაა იმ სტრატეგიულ მიზანთან, რომელიც დაისახა და კონსტიტუციაშიც ასახა - გახდეს ევროკავშირის წევრი. როგორც პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ამ პროცესში თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნის ცხოვრების ყველა სხვა მიმართულება.

„ბრძოლით მოიპოვება დამოუკიდებლობა და ბრძოლითვე ხდება მისი შენარჩუნება, თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და სუვერენიტეტი იყოს მტკიცე. ევროპასთან ურთიერთობას აქვს ორი მდგენელი - პოლიტიკური და ეკონომიკური. პოლიტიკურთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტგრაცია და ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო პასუხისმგებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის აღსრულების შეთანხმებაზე, კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებას. ამ კუთხით საქართველო, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - მართლაც ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ევროპულ პოლიტიკასთან ეკონომიკური მიმართულებით, საქართველომ ამ მხრივ აჩვენა განსაკუთრებული პროგრესი. ეს იყო კიდეც ევროკავშირის წევრობის და ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი პირობა, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობ, ეკონომიკურ მომენტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გაწევრიანებისთვისაც ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას ექნება ძალიან დიდი როლი“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები