Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ქვეყანაში ხორცის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ასე მაგალითად თუ 2016 წელს ქვეყანაში ერთი ადამიანი დაახლოებით 37 კგ. ხორცს მოიხმარდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 51 კგ-მდე გაიზადა. ზრდის მიუხედავად, ევროკავშირთან შედარებით ქვეყანაში ხორცის მოხმარება კვლავ დაბალი რჩება, რადგან 2024 წელს ევროკავშირში ხორცის საშუალო მოხმარება წელიწადში 79 კგ იყო.
აღსანიშნავია, რომ ხორცის მოხმარების ზრდის პარალელურად შემცირდა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 46-დან 39%-მდე შემცირდა ხორცის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი საქართველოში.
2016 წელთან შედარებით, ასევე გაიზარდა რძის პროდუქტების მოხმარება. 2024 წელს საშუალოდ 206 კგ რძის პროდუქტები იქნა მოხმარებული, აქაც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 74%-მდე არის შემცირებული. ევროკავშირთან შედარებით, რძის პროდუქტებშიც ჩამორჩენა გვაქვს, რადგან ევროპაში საშუალოდ 237 გკ-ს მოიხმარენ.
კვლევის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით შემცირებულია ბოსტნეულის მოხმარება 114 კგ-მდე, აქაც შემცირებულია თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. ბოსტნეულის მოხმარებაშიც ევროკავშირთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს (176 კგ. ერთ სულ მოსახლეზე).

რაც შეეხება ხილს, 2024 წელს 66 კგ-მდე გაიზარდა ხილის მოხმარება მაშინ, როცა ევროკავშირში 129 კგ-ს შეადგენს. ხილის ნაწილში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2024 წელს 132%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონაა, მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონას შეადგენს; თურქეთშიც 3.4 ტონას; უკრაინაში 5.1 ტონას; ევროკავშირში კი - 5.2 ტონას. ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა, უკრაინაში 20.5 ტონა, რუსეთში 29.8 ტონა, აზერბაიჯანში 31.1 ტონა, სომხეთში 35.6 ტონა, თურქეთში კი 42.3 ტონა.




























