საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო ვაზილ ჰუდაკთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს - ამის შესახებ EUGBC-ის ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ დღეს გადაცემა „ანალიტიკაში“ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში პრემიერის ახალი მრჩევლის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.
სანდრო ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ვაზილ ჰუდაკის კანდიდატურა გარანტია, რომ თუ მთავრობა მის რჩევებს გაითვალისწინებს და მას „თამაშის წესებში“ აჰყვება, მაშინ საქართველოში ინვესტიციების კუთხით სურათი გაუმჯობესდება, რადგან დღეს უკვე პრემიერის მრჩეველს, ამ კუთხით ძალიან დიდი, საერთაშორისო გამოცდილება და კონტაქტები აქვს. თუმცა მან დასძინა, რომ ეს ორ თვეში ვერ მოხდება, რადგან საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩასატარებელი.
ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ვაზილ ჰუდაკის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ EUGBC მას დაეხმარება.
„ბატონ ჰუდაკს ჩვენი საბჭოს სახელით მინდა გავუგზავნო წერილი და შევთავაზო თანამშრომლობა. ვაზილ ჰუდაკის მიერ აქცენტი საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე გაკეთდა, ასე რომ ჩვენთან თანამშრომლობა ერთგვარად მისთვისაც საინტერესო იქნება და რეალური სურათი უნდა მივაწოდოთ“, - განაცხადა EUGBC-ის ხელმძღვანელმა.