მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

€1.5 მილიონიანი ბინა მილანში, AUDI A8, იარაღი Hekler Koch mpx - რა ქონებას ფლობს ვაკო თურნავა?

ვაკო თურნავა

მილანში 108 კვ.მ-ის ბინა, ავტომობილი AUDI A8 L 2020 hybrid და იარაღი Hekler Koch mpx – „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვახტანგ (ვაკო) თურნავამ თავისი ძვირად ღირებული ქონების ჩამონათვალს 2025 წელს ეს შენაძენიც მიამატა და ამის შესახებ ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანა.

ვაკო თურნავა პარლამენტის წევრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, იქამდე ის IT სფეროში საქმიანობდა და კომპანია "სვიფტს" ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ესპანურმა Making Science-მა შეიძინა.

შემოსავალი

ვაკო თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 27 თებერვალს შეავსო. მან წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისთვის 116 914 ლარის სახელფასო ანაზღაურება მიიღო, ამასთან ის აღნიშნავს, რომ 6 570 სამივლინებო ხარჯი იყო. ანაზღაურების სახით სხვა შემოსავალი თურნავას მითითებული არ აქვს.

თუმცა დეპუტატი დოკუმენტში უთითებს, რომ მან 2025 წელს Making Science Group SA ფასიანი ქაღალდები გაყიდა და 465 325 ევროს შემოსავალი მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს ვახტანგ თურნავამ თბილისში, მისი კუთვნილი უძრავი ქონება - 2 ბინა და 3 ავტოსადგომი გაყიდა, საიდანაც ჯამში 535 520 დოლარის შემოსავალი მიიღო.

სესხები და დანაზოგები

ვახტანგ თურნავამ, ანუ დეპუტატობამდე 2022 წელს წერილობითი ხელშეკრულებით გაცემული 253 447-ლარიანი სესხიდან 2025 წელს ამავე მოცულობის შემოსავალი მიიღო, ანუ მას სესხი დაუბრუნეს. 2025 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით ის ასევე 700 000-ლარიან სესხს მოემსახურა, ანუ 700 000 ლარის გასავალი ჰქონდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გასულ წელს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე დანაზოგი 286 051 დოლარამდე გაზარდა, მას დეპოზიტი „თიბისი ბანკშიც“ აქვს გახსნილი, თუმცა ის დეკლარაციის შევსების დროისთვის მხოლოდ 297 დოლარი ჰქონდა. ვაკო თურნავას „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 170 816 ევრო და 9 000 ლარამდე თანხა ჰქონდა.

"თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი 1800 ევროზე მეტი და 207 ლარი ჰქონდა.

ამასთან, დეპუტატი ნაღდი დანაზოგის სახით 430 000 ევროს ინახავს.

უძრავი და მოძრავი ქონება

უძრავი ქონების სახით მხოლოდ მილანის ბინა აქვს მითითებული, რომელიც გასულ წელს 1.4 მლნ ევრო გადაიხადა. სხვა უძრავი ქონება მფლობელობაში მას მითითებული არ აქვს.

2025 წლის დეკლარაციაში ვაკო თურნავა უთითებს, რომ გასულ წლის ივლისში მან გადაიხადა AUDI A8 L 2020 hybrid 79 491 ლარად იყიდა, ხოლო თებერვალში ავტომობილის გაყიდვიდან 10 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.

ვახტანგ თურნავა ინარჩუნებს წილებს კომპანიებში და მართვის უფლება სხვა პირზე აქვს გადაცემული. მათ შორის ის შპს თუ გო კუ ჯგუფში 38.7%-იან წილს ფლობს, ხოლო შპს საკეში 100%-იანი წილის მმართველია.

ვახტანგ თურნავას საათების კოლექცია

ვახტანგ თურნავას ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია შვიდი ძვირადღირებული საათი, რომელთა საერთო ღირებულება 150,000 ევროს აღემატება. ქვემოთ მოცემულია სრული სია:

  1. Rolex Milgauss -ღირებულება: €13,436 (2019 წელი)
  2. Rolex Datejust 41 -ღირებულება: €16,428 (2020 წელი)
  3. Audemars Piguet Royal Oak Chronograph - ღირებულება: €47,312 (2023 წელი)
  4. Rolex Datejust 41- ღირებულება: €10,346 (2023 წელი)
  5. Rolex Cosmograph Daytona - ღირებულება: €44,502 (2022 წელი)
  6. Rolex Yacht-Master 40 - ღირებულება: €25,767 (2021 წელი)
  7. Rolex GMT-Master II - ღირებულება: €19,900 (2020 წელი)

როგორც ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული, გასულ წელს დეპუტატმა 15 000 ლარად იარაღი Hekler Koch mpx შეიძინა. მის საკუთრებაშია ასევე 13 ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც მისივე ინფორმაციით, 200 000 დოლარია.

რემონტი, მოგზაურობა, ავეჯი, ქველმოქმედება

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატის სხვა ძვირად ღირებულ ტრანზაქციებს, ვაკო თურნავამ:

  • სარემონტო სამუშაოებზე 990 649 ლარი დახარჯა;
  • ავეჯის შესაძენად 89 677 ევროს ხარჯი ჰქონდა;
  • მოგზაურების ხარჯი 213 810 ლარი იყო;
  • საყიდლების - 411 295 ლარი;
  • მკურნალობაზე 69 627 ლარი დახარჯა;
  • ქველმოქმედებაზე - 187 416 ლარი გაიღო;
  • ქონების გადასახადის სახით 7179 ლარი გადაიხადა;
  • დაზღვევაში კი 8 541 ლარი;

პირადი გადარიცხვები

ვახტანგ თურნავა გასული წლის დეკლარაციაში წერს, რომ მან დედისგან და დისგან პირადი გადმორიცხვები მიიღო და მათაც გადაურიცხა დიდი თანხები. კონკრეტულად:

  • დედამ ვაკო თურნავას 492 380 დოლარი გადაურიცხა;
  • დეპუტატმა დედას 447 677 ლარი გადაურიცხა;
  • დისგან მიღებული პირადი გადარიცხვით თურნავამ 97 705 ლარი მიიღო;
  • ხოლო დას პირადი გადარიცხვით 545 040 ლარი გადაირიცხა;

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სამეურნეო ხარჯების დანიშნულებით ფიზიკურ პირებთან (მათი ვინაობა უცნობია) 90 541 ლარი გადარიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები