ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრებად მთავრობის მიერ გადასახადის გადამხდელთა ფულით სუბსიდირებული ფრენებით 7000-ზე მეტი მგზავრი ისარგებლებს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.
29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება EUR 390-ს შეადგენს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჯგუფური ეტაპის პერიოდში 30-მდე ჩარტერი დააორგანიზა და საშუალება მისცა 6000 მდე გულშეკატკივარს ჩვენი ნაკრების თამაშებს დასწრებოდა, მიეღო საოცარი ემოცია და ერთად გვეზეიმა გამარჯვება. ფლეი ოფზე კი 7 ჩარტერის დანიშვნა მოხერხდა. რამაც მერვედფინალურ მატჩზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მგზავრს მისცა“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
1 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:20
1 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10
გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.