მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EURO 2024-ზე საქართველოს მატჩებზე დასასწრები ტურისტული პაკეტის ფასი ₾4000-დან იწყება - "Voyager 365"

UFA

ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერის გოგა ქუცნიაშვილის ინფორმაციით, გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს როგორც თვითმფრინავის ბილეთების, ასევე სასტუმროების ღირებულება ძალიან არის გაზრდილი.

მისი ინფორმაციით, ფასების მატება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ზრდის დინამიკა გაგრძელდება, თუმცა ტურისტულ კომპანიაში იმის თქმა - რამდენით გაიზრდება ფასები, უჭირთ, რადგან ეს მათზე არ არის დამოკიდებული.

„ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრულ პაკეტებზე მოთხოვნა შეიძლება ითქვას, რომ „კატასტროფულად“ მაღალია. გუშინ, ღამის 12 საათიდან დავიწყეთ პაკეტის გაყიდვა და მოთხოვნა ყველა მატჩზე, რომელშიც საქართველო თამაშობს, ძალიან მაღალია.

საქართველოს ნაკრების მატჩთან დაკავშირებით შეკრულ პაკეტებში, რომელიც 18, 22 და 26 ივნისს ჩატარდება, პაკეტი ავიაბილეთს, სასტუმროსა და თამაშზე დასასწრებ ბილეთს მოიცავს. ნაკრების თამაშზე დასასწრები ტურისტული პაკეტის ღირებულება 1 ადამიანზე, ამ ეტაპისთვის 4000-4500 ლარიდან იწყება და მოთხოვნის შესაბამისად ცვლადია.

საშუალოდ 3-დღიანი ტურებია და გათვალისწინებულია საქართველოს ერთ, რომელიმე შეხვედრაზე დასწრება. თუმცა შესაძლებელია ისე დაგეგმვაც, რომ მომხმარებელი ყველა თამაშს დაესწროს“, - აცხადებს ქუცნიაშვილი.

მისივე ცნობით, უშუალოდ ოფიციალურ გამყიდველებთან, ანუ UFA-სთან დატვირთულობა 100%-იანია, თუმცა ალტერნატიულ წყაროებთან მატჩზე დასასწრები ბილეთები, ჯერჯერობით, კიდევ არის.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები