სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კოორდინაციით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) საჰაერო სივრცის მართვის მხარდაჭერის ადგილობრივი და რეგიონული სისტემა – LARA დაინერგება.
შესაბამის შეთანხმებას ხელი თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს – შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა მოაწერეს.
სააგენტოს ცნობით, LARA-ს სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ოპტიმიზაციას და სამოქალაქო და სამხედრო სექტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.
კერძოდ, LARA (Local and Sub-Regional Airspace Management Support System) არის EUROCONTROL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანია საჰაერო სივრცის მართვის პროცესების ავტომატიზაცია და საჰაერო სივრცის მოქნილი გამოყენების (FUA) კონცეფციის ეფექტიანი რეალიზება. სისტემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამხედრო საჭიროებებისთვის საჰაერო სივრცის ოპერატიულ განაწილებასა და მართვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლას ევროკონტროლთან, რაც აუცილებელია საჰაერო სივრცის დაგეგმარებისა და ეფექტიანი სარგებლობისთვის. პროექტი EUROCONTROL-ის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.




























