Eurowings-ის პილოტებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. პროფკავშირების ინფორმაციით, ჯერჯერობით გაფიცვა სამი დღე გაგრძელდება. Lufthansa-ს მფლობელობაში მყოფი ბიუჯეტური ავიაკომპანიის პილოტები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ავიაკომპანიის განცხადებით, გაფიცვის გამო 400-დან დაახლოებით 170–მდე ფრენის გაუქმება მოუწევთ, რაც დაახლოებით 20 ათას მგზავრს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბრის დასაწყისში დაწყებული გაფიცვის გამო Lufthansa-ს 900-ზე მეტი ფრენის გაუქმება მოუწია. საბოლოოდ, კომპანია შეთანხმდა პროფკავშირებთან და 2023 წლამდე დასაქმებულები ხელფასის მატების მოთხოვნით აღარ გაიფიცებიან.
Eurocontrol-ის თანახმად, ავიაკომპანიის თანამშრომელთა ერთდღიანი გაფიცვის გამო გაუქმებულმა ფრენებმა ევროპაში ფრენების დღიური მოცულობა 0.5%-ით შეამცირა.
Eurowings საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ამ ეტაპზე თბილისის აეროპორტიდან დიუსელდორფის მიმართულებით დაფრინავს. BMG-ის TAV Georgia-ში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე გაფიცვის გამო ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.