39 ქვეყანა, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და უკრაინა, საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავს და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. წერილი აღნიშნავს პოლიციის ძალადობას, უსამართლო დაკავებებსა და დაკავებულთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც საპროტესტო აქციების დროს მოხდა. აქციები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აყოვნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოები დღის წესრიგში აყენებენ ვენის მექანიზმის გააქტიურებას.
2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანები მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე შეაჩერა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამწვავდა. 10 დეკემბრისთვის 357 ადამიანი იყო დაკავებული, მრავალ მათგანზე განხორციელდა უკანონო ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. დოკუმენტირებულია 70-ზე მეტი შემთხვევა, როცა ჟურნალისტები ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
წერილი გამოხატავს შეშფოთებას ჟურნალისტების და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ძალადობის გამო.
39 ქვეყანა მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან:
- გამოძიება პოლიციის ძალადობის, უსამართლო დაკავებებისა და შეკრების თავისუფლების დარღვევაზე.
- დასჯა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებში.
- გამოძიება ჟურნალისტების და მედია მუშაკების წინააღმდეგ ძალადობაზე და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობის დაცვისთვის.
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პრობლემების გადაჭრისთვის.
საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს კონკრეტული ზომები ადამიანის უფლებების დასაცავად, ძალადობის აღკვეთისთვის და გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებების დაცვისთვის. პასუხი ამ საკითხებზე 10 დღეში უნდა დადგეს.
წერილი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმე არაა და ის საერთაშორისო შეშფოთების საგანია.
წერილს შემდეგი ქვეყნები აწერენ ხელს:
ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, აისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და უკრაინა.