მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც ტურიზმის სიძნელეები შეიძლება დააკომპენსიროს

5f1b3013a7e3a
თამთა ჯიჯავაძე
24.07.20 23:30
1334
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება გრძელდება შრომის ბაზარზე არსებული პრობლემებისა და ტურიზმის სექტორისთვის მძიმე დღეების მიუხედავად - ასეთია Galt&Taggart-ის უახლესი კვლევის მთავარი დასკვნა. როგორც გადაცემა “საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ივნისის თვის მონაცემებით, მოთხოვნის გაუმჯობესება შეინიშნება.

მისივე თქმით, ორნიშნა კლებებს აღარ უნდა ველოდოთ და შემცირების ტემპი მნიშვნელოვნად დაიკლებს.

„აპრილ-მაისში ორნიშნა ვარდნა იყო, მომხმარებელთა მოლოდინები ძალიან გაუარესებული იყო, ჩაკეტილი იყო ეკონომიკა. ლარის გაუფასურება გრძელდებოდა. თუმცა, მაისიდან რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის იმან რომ ეკონომიკის გახსნა ხურდებოდა, მოლოდინები ოდნავ გააუმჯობესა და ივნისში ვნახეთ, რომ მოთხოვნას ჰქონდა V-ფორმა. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მაისში და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობა. [მოთხოვნის ზრდას] ხელი შეუწყო იმანაც, რომ ფულადი გზავნილების 18%-იანი ზრდა გვქონდა ივნისის პერიოდში“, – აღნიშნა ევა ბოჭორიშვილიმა.

გარდა ამისა, Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებასაც, – „ტურიზმი რჩება სისუსტედ და მუდმივად იცვლება ინფორმაცია რაც წინასწარ ვიცოდით, ფრენების აღდგენა გადავადებულია... ამ ფონზე ჩვენ საბაზისო სცენარით 65%-იან ვარდნას ველოდებით ტურიზმის შემოსავლებში და ესეც შეიძლება ოპტიმისტური ჩანდეს ამ გადმოსახედიდან“, – დასძინა მან.

ევა ბოჭორიშვილის თქმით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც ტურიზმის სიძნელეები შეიძლება დააკომპენსიროს Galt&Taggart-ის საბაზისო სცენარში:

„ეს შეიძლება იყოს ერთი ის, რომ ფულადი გზავნილების გაჯანსაღების ტენდენცია რაც არის, თუ გაგრძელდა და მოლოდინი გვაქვს რომ გაგრძელდება. მეორე ფაქტორი, რამაც შეიძლება დააკომპენსიროს, ეს არის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები. თითქმის 70% არის დასახარჯი წლის მეორე ნახევარში. თუ ეს დაჩქარდა და რაც დაგეგმილი არის განხორციელდა, მნიშვნელოვნად დაეხმარება ვითარებას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს არჩევნები, და მასთან დაკავშირებული როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური ხარჯები. ამასაც გარკვეული ეფექტი ექნება გამოცოცხლების ტენდენციაზე“.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ Galt&Taggart-ის საბაზისო სცენარით, ის ფიქრობს რომ წელს იქნება 5.1%-იანი ვარდნა და აღარ უნდა ველოდოთ ორნიშნა კლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები