Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის მესამე ვარიანტი, რომელიც 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს, წინა ვერსიებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გადამუშავებული.
“ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში მაკროეკონომიკური პარამეტრებია შეცვლილი - 2021 წელს ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდა და 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა - ეს ორივე პარამეტრი ჩვენი პროგნოზებისგან განსხვავდება. ჩვენ 2020 წელს ველოდებით, რომ ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 3.5%-ის ფარგლებში ვვარაუდობთ მის ზრდას თუ ტურიზმი არ აღდგა, ხოლო ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის შემთხვევაში დაახლოებით 5%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ", - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში მიმდინარე ხარჯების პარამეტრებია შეცვლილი, რომელიც წინა ვარიანტში ბევრად ნაკლები იყო. მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 25%-ზეა დაგეგმილი, ასევე ზრდა შენარჩუნებულია კაპიტალურ ხარჯებში და მშპ-ს 8%-ზეა დაგეგმილი, რაც ბოჭორიშვილის შეფასებით, კარგია.
"ამასთან, მთავრობა ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9.0%-იან წლიურ ზრდას პროგნოზირებს (მშპ-ის 22.5%). ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ვალი 2021 წლის ბოლოს მშპ-ის 60.1%-ზეა დაგეგმილი (პირველ ვარიანტში 55.9%), რაშიც გათვალისწინებულია 500 მლნ აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მთავრობა არ ზრდის შიდა ვალს და მოხდება წინა პერიოდში დაგროვილი დეპოზიტის გამოყენება” - განმარტა ევა ბოჭორიშვილმა.




























