Galt&Taggart-მა საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე საკუთარი ხედვა წარადგინა.
საინვესტიციო ბანკის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა ევა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, ასევე გამოძვევებს.
"ძლიერი მხარეები არის ის, რომ გვაქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა - ზრდა რომელიმე ერთ დარგზე არაა დამოკიდებული, ასევე უცხოელ პარტნიორებთან კავშირებიც არის დივერსიფიცირებული; ის, რომ მიმზიდველია ბიზნესგარემო და ეს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებშია ასახული და ბოლოს, ფისკალური დისციპლინა არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი მხარე - ვალის დაბალ დონეზე შენარჩუნება, ვალის მდგრადი დონის მიღწევა და ფისკალური დეფიციტის დაბალი დონე.
რაც შეეხება გამოწვევებს, გამოწვევები არის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აქ ხაზი გავუსვით როგორც შიდა, ასევე საგარეო ინვესტიციებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მუშაობის დაჩქარება, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები. ასევე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აქ მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების წილი მშპ-სთან მიმართებით რაც არის ზოგადად ბოლო წლებში, უნდა შენარჩუნდეს.
გამოწვევა არის სამუშაო ძალის უნარები და სპეციალისტების ნაკლებობაც. ამ გამოწვევების საპასუხო ნაბიჯები თუ იქნება, ვფიქრობთ, გვაქვს შესაძლებლობა ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდეს მომდევნო წლებშიც", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, Galt & Taggart-ი 2025 წელს 7.5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს.



























