მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Evergrande-ის საქმეზე PwC China-ს $62-მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს

Evergrande

ჰონგ-კონგის ფინანსური აღრიცხვის მარეგულირებელმა სამსახურმა აუდიტორულ ფირმა PwC China-ს 62 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი ჯარიმა დააკისრა და 6 თვით საქმიანობა შეუზღუდა.

მარეგულირებლის განცხადებით, PwC China-ს აუდიტორებმა მონაწილეობა მიიღეს დეველოპერული გიგანტის, Evergande-ის ფინანსური ანგარიშგების გაყალბებაში და ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი შემოსავალი $80 მილიარდით ხელოვნურად გაზარდეს, რაც ჩინეთის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ფინანსური დანაშაულია.

რაც შეეხება Evergrande-ს, ცოტა ხნის წინ, ჰონგ-კონგის სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას აქტივების ლიკვიდაცია დაავალა.

სასამართლოს განმარტებით, დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა რესტრუქტურიზაციის ადეკვატური სტრატეგია მაინც ვერ მოიფიქრა, ამიტომ ახლა უკვე Evergrande-ს აქტივების გაყიდვა მოუწევს, რათა ინვესტორებისა და კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები ნაწილობრივ მაინც გადაფაროს.

მართალია, ასეთი მასშტაბის კომპანია უკვე ფაქტობრივად გაკოტრებულია, თუმცა ამაზე საგანგაშო ის არის, რომ კომპანიას 350 მილიარდი დოლარის ფინანსური ვალდებულებები აქვს, რითაც ის მსოფლიოში პირველად ადგილს იკავებს.

შედარებისთვის, Evergrande-ის აქტივების მოცულობა 256 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანია გადახდისუუნაროა, თუმცა ის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ მის გაკოტრებას და კოლაფსს ჩინეთის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.

1996 წელს დაფუძნებული კომპანია ჩინეთის მასშტაბით 1,300-ზე მეტ მსხვილ პროექტს და მილიონობით საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს ფლობს. ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პროექტების თითქმის ნახევარი სწორედ Evergrande-ზე მოდის, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Evergrande-ისთვის კრიზისი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა Evergrande-ის მსგავსი მოცულობის ვალი არცერთ სხვა კომპანიას არასოდეს ჰქონია, რისკების არასათანადო მენეჯმენტმა კი დეველოპერული ტიტანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.

პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული, Evergrande-ის ხელმძღვანელობა და ჩინეთის მთავრობაც კომპანიის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ მცდელობების მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებლის ქონება მაინც ფაქტობრივად გაცამტვერდა. სულ რაღაც ორ წელიწადში ჰუი კა იანმა $42-მილიარდიანი ქონების 98% დაკარგა და ახლა უკვე ის მილიარდერიც კი აღარ არის. არადა, ერთ დროს ის აზიის რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები