Evolution Georgia-ს თანამშრომლები 12 ივლისს სრულმასშტაბიან გაფიცვას გეგმავენ. ამ დროის მონაცემებით, გაფიცვას 4621 ადამიანი აპირებს. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ.
"ჩვენი მიზანი გაფიცვა არასდროს ყოფილა. ორი წლის განმავლობაში მოლაპარაკებებს ვცდილობდით. ამ დროის განმავლობაში მათი მხრიდან ყოველთვის ცინიკური დამოკიდებულება გვესმოდა. მაგალითად, კითხვაზე, ხელფასებს რატომ არ ზრდიდნენ, როდესაც საქართველოში დასაქმებული დილერი საქმიანობას ისე ეწევა, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ამბობდნენ, რომ საქართველოს ბაზარი მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. მეორე ფაქტი იყო კვებაზე. თხოვნა იყო, დასაქმებულები კვებით უზრუნველყოთ, რაზეც გვიპასუხეს, თუ დასაქმებულების კვებას უზრუნველვყოფთ, დასაქმებულები გაზარმაცდებიანო. ამ პროცესებს "სქრინები" დაემთხვა, რომლებიც საზოგადოებამ ნახა", - განაცხადა პროფკავშირი "ლაბორის" თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ.
როგორც გიორგი დიასამიძემ "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, Evolution Georgia-ში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 500-600 ლარია, ყველაზე მაღალი კი 900 ლარი.
"კარტის მჩეხავების ხელფასები 500-600 ლარს შეადგენს. თუ მეტს აიღებს, ზეგანაკვეთურად უნდა იმუშაოს. დილერის ანაზღაურება 800-900 ლარია. არიან ადამიანები, რომლებსაც 1500 ლარი აუღიათ, მაგრამ რის ხარჯზე? მათ კვირაში 200 საათზე მეტი უმუშავიათ", - აღნიშნა გიორგი დიასამიძემ.
აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებელი Evolution Gaming-ი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს, წმინდა მოგება კი 1.07 მილიარდ ევროს აღემატებოდა. Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს. Evolution-ის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი, 6,823 დასაქმებული, კომპანიის ქართულ შვილობილში "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს.
BMG Evolution Georgia-ს პოზიციის გაგებას ცდილობს და პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.