„ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგი გვაქვს. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკომისიის მიერ 9-პუნქტიანი დათქმის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველმა პარტიამ, როგორც წინა 12-პუნქტიანი გეგმის შემთხვევაში, ახლაც ყველა პირობა შეასრულა, რაც ევროინტეგრაციის გზაზეა დაწესებული.
„ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტურად ყველა პირობა შევასრულეთ, რაც წარმოდგენილი იყო. მაგალითად, თავიდან იყო 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევასრულეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. რა იყო ამის მიზეზი? პასუხი ძალიან მარტივია - მათ უნდოდათ, რომ საზოგადოება ხელისუფლებასთან დაეპირისპირებინათ. ჰქონდათ ასეთი მესიჯი, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ამ დროს, განხორციელებული რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ მისცეს სტატუსი და ჩვენ არ მოგვცეს. უბრალოდ პოლიტიკურად გამოიყენეს ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაგვჩაგრეს. რა შეიცვალა რამდენიმე თვეში? პოლიტიკურად აწყობდათ და მოგვცეს სტატუსი. იგივე ხდება ახლაც. ეს ყველაფერი სიტყვების ბრახაბრუხია.
ვიცით, რა ხდება უკრაინაში და ამას მტერს არ ვუსურვებ. ხედავთ, როგორ ჩატარდა მოლდოვაში არჩევნები და რეები აკეთეს. ყველა მიმართულებით გაცილებით წინ ვართ ამ ქვეყნებზე. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი. ყველა პარამეტრით საუკეთესო შედეგები გვაქვს. ამ მიმართულებით მომავალშიც ვიმუშავებთ. კიდევ უფრო მეტ რეფორმას განვახორციელებთ, რომ ის საბოლოო შედეგი მივიღოთ, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.