ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში მოხდეს, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩანაწერზე.
კახა კალაძის განმარტებით, ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯები „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება და ეს გუნდი აღნიშნულ პროცესს ბოლომდე მიიყვანს.
„ევროინტეგრაციისკენ წინგადადგმული ყველა ნაბიჯი „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული. „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის საშუალება, თუ ის კანონს არ ეწინააღმდეგება.
„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ა.შ. ეს მათი დამოკიდებულებაა. თუ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ ყველა აზრს უნდა მივცეთ არსებობის საშუალება. თუ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, როგორიც იყო სააკაშვილის მეთაურობით რადიკალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეგეც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ საზოგადოებას რომ არ უნდოდა ისეთი საქართველო, როგორიც 2012 წლამდე იყო და შესაბამისი პასუხი გასცა მათ. ხალხს უნდა დემოკრატიულ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება, განვითარება. ჩემი და ჩვენი გუნდის პოზიცია არის ქვეყნის ევროპული მომავალი. ამ გზაზე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. თუ რაიმე ხელშესახები წარმატება გვაქვს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, ჩვენი დამსახურებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.