მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედის“ მფლობელის აზრით, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი სისულელეა

ირაკლი რუხაძე

"იმედის" მფლობელი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი სისულელეა - ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ საკუთარი ტელევიზიის ეთერში "იმედის კვირაში" ისაუბრა.

"ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] არის აყვანილი საკრალურ, დოგმატურ დონეზე. იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ კონსტიტუციაში წერია... ჩემი აზრით, სისულელეა და არ უნდა ჩაგვეწერა. რა უნდა ასეთ რაღაცებს კონსტიტუციაში, რომელიც მუდმივი დოკუმენტია" - ამბობს რუხაძე.

მისი თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ ევროკავშირში შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„მინდა შესვლას“ - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანიას“ ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია. როცა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, არ ხდება გარჩევა, თითქოს ყველაფერი მეათეხარისხოვანია ამ ერთი საკითხის გარდა ქვეყნის მომავლისთვის. ამ არჩევნებზე შევდივართ ისე, რომ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება არაფერზე საუბრობენ გარდა ევროკავშირის გარშემო. თითქოს უპირობო შესვლაა, ნებისმიერ ფასად, არ ხდება გარჩევა რა მინუსებს და რა პლუსებს მოგვიტანს ევროკავშირი“, - აღნიშნა რუხაძემ.

"იმედის" მფლობელი ასევე ფიქრობს, რომ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება საქართველოს "ცუდი რაღაცის გამო" შესთავაზეს.

"ერთი საკითხი მახინჯად არის შემოსული - 2022-ში რომ გვითხრეს, მოდით, ბიჭებო, ახლა დროზე ადრე შემოიტანეთო, ცუდი რაღაცის გამო გვითხრეს იმიტომ, რომ მე ასე მგონია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მათ არ შევყევით ომში. ამიტომ მიმაჩნია, უნდა დავწყნარდეთ, დავფიქრდეთ და ბავშვი არ გადავაყოლოთ წყალს - ვიფიქროთ საქართველოს მომავალზე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მისი განცხადებით, უკრაინის ომის გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, რადგან ამან ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირ იმოქმედა. რუხაძის თქმით, შექმნილმა მდგომარეობამ უნდა დაგვაფიქროს, გვინდა თუ არა დღეს ევროკავშირში შესვლა.

ამერიკის მოქალაქე ქართველი ბიზნესმენი თვლის, რომ ვფიქრობ, სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, ევროკავშირში შესვლა არანაირად არ გადაწყდება. [სტილი დაცულია].

"ვფიქრობ, სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, ევროკავშირში შესვლა არანაირად არ გადაწყდება - ეს ჩემი პირადი აზრია. ნატოც და ევროკავშირიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა. უკრაინა როგორც კი დალაგდება და იმედია, მალე დალაგდება, ამერიკის არჩევნებამდე, აი, ის წყალი ჩვენც გადმოგვესხმება", - თქვა რუხაძემ ინტერვიუში, რომელიც "იმედის" ინფორმაციით 11 ივლისს არის ჩაწერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები