პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს და სხვა უწყებების გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკასთან.
„ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის სამინისტრო და ასევე, ეკონომიკური ბლოკი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ, ანუ ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და ინიციატივა, სრულად თანხვედრაშია და მიყვება ჩვენს სამოქმედო გეგმას DCFTA-სთან დაკავშირებით. ანუ საქართველო თავისი პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოებას ახდენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომ „რუსული კანონის“ მიღების გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, დავითაშვილი იმედოვნებს, რომ მწყობრი ნაბიჯებით შეძლებენ პარტნიორების დარწმუნებას, რომ საქართველო EU-ს წევრობას იმსახურებს.
„ევროინტეგრაციის პროცესი კომპლექსურია და ძირითადად გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკით და ინსტიტუციური შესაძლებლობებით შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა. ქვეყანა დასახულ ამოცანებს, გეგმას მიყვება და ასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ამ პროცესს მივყვებით.
როდესაც საუბრობენ პარტნიორები ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩვენ შეჩერებული გვაქვს პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები შეიძლება დღესდღეობით არის შეჩერებული ან გადახედვის რეჟიმში. თქვენ თვითონვე აღნიშნეთ რის გამო [რუსული კანონი], რაზეც ისინი აპელირებენ. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, მწყობრი ნაბიჯებით, იმით, რომ ერთგული ვართ ინტეგრაციის პროცესის, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენს პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობას იმსახურებს და პროცესი იმ კალაპოტს დაუბრუნდება, რაშიც მიმდინარეობდა“,- განაცხადა დავითაშვილმა.