ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ "პარტნიორებთან საკმაოდ კომპლექსური დიალოგია, რომელიც ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ითვალისწინებს". როგორც მან ევროკავშირის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ საერთო ენის გამონახვა მოხერხდება.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილს ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ჰკითხეს, რაზეც აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ყველა საკითხის დიალოგის რეჟიმში გადაჭრის შანსი არსებობს.
„თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერთიანდებით, რომ სანქციები ჩვენთვის არის მიუღებელი, არასწორია, არ არის პარტნიორული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის შანსი, რომ პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობრებთან დიალოგის რეჟიმში ყველა საკითხი გადავწყვიტოთ.
ერთსახოვანი, ერთგვაროვანი არაა არც ერთი საკითხი, არის კომპლექსური. ასევე, ევროკავშირის არ არის ერთი სახელმწიფო, აქაც არის ბევრი სახელმწიფო, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, მიმართულება და პრიორიტეტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პროცესები არ არის მარტივი გლობალურადაც. მათ შორის, ეს აჩვენა ევროპარლამენტის არჩევნებმაც. ამიტომ, დიალოგი არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. იმიტომ, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი ევროკავშირის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი მოკავშირე ევროკავშირის, მათ შორის საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით და ამ კუთხით საქართველო არა თუ სამაგალითოა, არამედ უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ამიტომ, არის საკითხები, სადაც გვაქვს ძალიან მკაფიო, კარგი თანამშრომლობა და პროგრესი, არის შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს და ჩვენ ვიპოვით გამოსავალს. გამოსავალი ნიშნავს, რომ შევჯერდებით თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე, რომელიც იქნება სასარგებლო როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
"რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებზე, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება. დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის, კიდევ რამდენიმე კანონის, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად ზომებზეა საუბარი, ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც 24 ივნისს უნდა გაიმართოს.