მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია... სამწუხაროდ, ტურბულენტურ რეჟიმში ვართ - ლევან სილაგავა

ლევან სილაგავა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას შეფასებით, ქვეყანა ტურბულენტურ რეჟიმშია და კონფრონტაცია და დიალოგის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემად რჩება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

სამწუხაროდ, ეს პერიოდი ვართ ტურბულენტურ რეჟიმში. შარშან, [დეკემბერში] მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, როდესაც გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ [შევიკრიბეთ კერძო სექტორის წარმომადგენლები და გამოსავლის გზაზე ვმსჯელობდით], დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და მაშინ ვთქვი - ვუახლოვდებით დაუბრუნებლობის წერტილს-მეთქი. მაშინ გადავრჩით, მაგრამ ტემპერატურა დაბლა არ ჩამოვიდა. დღესაც ვხედავთ კონფრონტაციის ელემენტებს, რაც ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, საზოგადოებაში და განსაკუთრებით სხვადასხვა თაობებს შორის, დიალოგის დეფიციტია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.

ქვეყანაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სხვადასხვა თაობის ჭიდილია - აუცილებელია მეტი კომუნიკაცია და საერთო წერტილების პოვნა, ვიდრე პოზიციების მყარი დაცვა“, - განაცხადა მან.

ევროინტეგრაციის თემაზე საუბრისას ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ფორმალურად აგრძელებს ტექნიკურ თანამშრომლობას ევროკავშირთან, პროცესის დინამიკა შესამჩნევად შენელებულია.

თითქოს მიზანი ყველას ერთი გვაქვს - ევროკავშირში ყოფნა 2030 წლისთვის, მაგრამ განსხვავებული ხედვები არსებობს, როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. კონსტიტუციაშიც წერია, რომ ქვეყნის კურსი ევროკავშირისკენ უნდა იყოს მიმართული, თუმცა დღეს უკვე ჩნდება კითხვები, ნამდვილად მივდივართ თუ არა ამ მიმართულებით“, - ამბობს ლევან სილაგავა.

მისი შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესი დაპაუზებულია“ და საჭიროებს ახალ ენერგიასა და დიალოგს ყველა მხარის მონაწილეობით.

მოლოდინის რეჟიმში ვართ - რაღაცნაირად პაუზის მდგომარეობაა. არ არსებობს ალტერნატივა იმისა, რომ ფორმატები გაიხსნას და პოზიციები შეჯერდეს. კონფრონტაციით არაფერი მოგვარდება. პრობლემა უბრალოდ გადავადდება, მაგრამ არსად წავა“, - აღნიშნა მან.

ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაზე საუბრისას ლევან სილაგავამ მსოფლიო და რეგიონალურ კონტექსტსაც გაუსვა ხაზი, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის ომს, რაც უფრო ართულებს ვითარებას.

როდესაც მსოფლიო და რეგიონი ასეთ ტურბულენტურ გარემოშია, აუცილებელია კომპეტენტურ ადამიანებთან მსჯელობა იმაზე, როგორ გადავჭრათ ჩვენი შიდა პრობლემები. მთავრობამ და საზოგადოებამ ერთად უნდა გაიარონ ეს გზა,“ - ამბობს ლევან სილაგავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები