ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] შეფასებით, მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება FDI-ის შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში ბიზნესის დაწყებამდე, ეკონომიკურ ინდიკატორებთან ერთად, აკვირდებიან მის საკრედიტო რეიტინგს.
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა უკვე შეამცირა „ნეგატიურამდე“. კერძოდ, თუკი 2024 წლის იანვარში ქვეყნის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიური“ იყო, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების ფონზე ივნისში ის ჯერ „სტაბილურით“, მიმდინარე წლის დეკემბერში კი „ნეგატიურით“ შეიცვალა.
გაუარესებული პერსპექტივის ძირითად მიზეზად კი მაღალი პოლიტიკური რისკი სახელდება. Fitch-ის აზრით, პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, ძალიან მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ინვესტორების ნდობაზე.
„არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესს მინიმუმ 2028 წლამდე აჩერებს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პროტესტი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთავრობა კონსტიტუციურად ვალდებულია ისწრაფოდეს ევროინტეგრაციისკენ. თუ დაპირისპირებები გამწვავდება, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების შემცირებას“, - მიიჩნევს Fitch.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითად წყაროს ევროკავშირი წარმოადგენს, მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება FDI-ის შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ამასთან გაურკვეველია თუ რა გავლენა ექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს. წლების განმავლობაში, ივანიშვილის ბიზნესები უმსხვილეს ინვესტორ კომპანიებში ხვდებოდა, თუმცა მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრების დასანქცირება ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.