BMG გთავაზობთ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ანალიტიკური ცენტრის "ჯეო ქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის, ნიკა ალავიძის ბლოგების ციკლის - "როცა ციფრები უფრო ბედნიერი არიან ვიდრე ადამიანები" - მეორე ნაწილს.
„საქართველო — ტოპ 5 საინვესტიციო მიმართულებებს შორის“
გამოხმაურება პროპაგანდისტულ სტატიაზე:
https://newshub.ge/news/ekonomika/investitsiebis-mozidvit-sakartvelos-mtavroba-msophlios-sauketeso-khuteulshia
ოფიციალური პროპაგანდა უმოწყალოდ აგრძელებს და ცდილობს ქვეყნის ცნობიერის გამორეცხვას სხვადასხვა ხმამაღალი სადღეგრძელოებით, ჩვენი უძლეველი პოზიციებით ნებისმიერ რეიტინგში და “ღირსეულ” კონკურენციასაც უწევს ჩრდილოეთ კორეულ პროპაგანდას, რომელმაც თავის დროზე, ამცნო “ბედნიერ” ჩ.კორეელ მოქალაქეებს, რომ მათი გმირი კოსმონავტები მზეზე წარმატებით დაჯდნენ ღამის განმავლობაში! დიდება ლიდერს!
როგორც ამბობენ, ამ ექსპედიციის დროს მზეზე, გაფორმდა უამრავი ორმხრივი და მრავალმხრივი გალაქტიკური პაქტი და საინვესტიციო შეთანხმება… ასეთი ნარატივის გაგრძელებაა სწორედ ეს ამბავიც, რაც გვამცნო პროპაგანდისტულმა მედიამ პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების (FDI) მოზიდვის მიმართულებაზე.
თავად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ფაქტი, ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია და ამიტომ ირონიის და სარკაზმის ადგილი აქ უადგილოა.
მოდით, ვეცადოთ მიუკერძოებლად გავაანალიზოთ ეს გარემოება და პროპაგანდას დაუპირისპირდეთ ჯანსაღი აზრით და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობით.
მონაცემებში ჩაღრმავებისას, სურათი ნაკლებად შთამბეჭდავი ხდება, ვიდრე ეს პროპაგანდამ "მოგვყიდა". ქვეყანას ნამდვილად აქვს გარკვეული უპირატესობები რეგულაციების ინდექსებში, რაც თავისთავად და თავის მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა რეალური კაპიტალის ნაკადები, ინსტიტუციური რეიტინგები და დონორებთან ურთიერთობები გაცილებით სავალალო სურათს გვიჩვენებს რეალობაში, ვიდრე ეს პროპაგანდის ცისფერ ეკრანებზეა გამოსახული. საბოლოო ჯამში, ხომ შედეგია მნიშვნელოვანი, შედეგისთვის ვიღვწვით და ვშრომობთ ინდივიდუალურად და როგორც ერი, საზოგადოება და ქვეყანა.
ამ სტატიით ვეცდები განვიხილოთ ფაქტები, მარტივად გავაანალიზოთ ის მონაცემები რომელიც საჯარო წყაროებითაა ხელმისაწვდომი და ნებისმიერი პროპაგანდისტული ნარატივის მიღმაა.
აქ მოყვანილი ყველა ციფრი, მონაცემი და არგუმენტი ეფუძნება ადვილად გადამოწმებად ფაქტს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და იგივე სამთავრობო წყაროებით ოფიციალურად გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI),
რას გვაჩვენებენ (ბედნიერი) ციფრები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს (საქსტატის) მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემოდინება მკაფიოდ შენელებულია. თუმცა ობიექტურობისთვის სჯობს ციფრებს მოვაყოლოთ ეს ამბავი:
წელი/მოცულობა მლნ აშშ დოლარი/ცვლილება:
- 2019: 1,367.8
- 2020: 596.2 (−56.4%)
- 2021: 1,264.9 (+112.2%)
- 2022: 2,224.2 (+75.8%)
- 2023: 1,928.5 (−13.3%)
- 2024: 1,569.3 (−18.6%)
- 2025: 763.8 (−51.3%, წინასწარი მონაცემი, მხოლოდ I ნახევარი)
- ობიექტურად უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიამ თავისი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლების და ისტორიული ვარდნის პროცესში (-56%). ასევე ობიექტურობის მიზნით ამ მაჩვენებელზე სასურველია არ ვკონცენტირდეთ, არამედ პოზიტიურ კონტექსტში განვიხილოთ 21–22 წლებში აღდგენის შეფასება.
თუმცა ისევ, ობიექტურობა გვაიძულებს, რომ ამ ზრდაში, მნიშვნელოვანი წილით აღვნიშნოთ ის საერთაშორისო დახმარებები, რაც ზუსტად პირდაპირი ინვესტიციების სახით შემოვიდა საერთაშორისო საფინანსო ინსტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც შემდეგ “დიპსტეიტად” და მტრად იქნება მონათლული. - FDI-ს პიკმა 2022 წელს (2.22 მლრდ $) მიაღწია 2023–2024 წლების ორ მკვეთრ შემცირებამდე (−13% და −18%).
სამწუხაროდ, ჩვენს ციფრებს რეიტინგის არ სჯერათ, და 2025 წელიც, ჯიუტად მიუთითებს დამატებითი შემცირების ტენდენციაზე (−51%).
კუმულატიურად თუ შევხედავთ, 2019 → 2025 წლის I კვარტალის ჩათვლით, პერიოდს: −44% მივიღებთ, იმ დაშვებით თუ წლიური მაჩვენებელი წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში არ აღდგება.
რას გვიჩვენებს ეს ტენდენცია
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება მაღალი არასტაბილურობის რეჟიმში. ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ერთჯერად, დიდ ენერგო ან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.
2023–2025 წლებში შეინიშნება ინვესტორების მომატებული სიფრთხილე, რაც გაზრდილი პოლიტიკური რისკისა და დასავლური პარტნიორობის შემცირებითაა გამოწვეული.
ეს ყველაფერი თავის მხრივ გამომწვევია დაბალი დივერსიფიკაციის და შიდა კაპიტალის დეფიციტის ზრდის, რას ეკონომიკას გარე ფაქტორების გავლენაზე მეტად დამოკიდებულს და უფრო მოწყვლადს ხდის.
თუ უცხოელ ინვესტორებს დავაკვირდებით, ჩანს, რომ ისინი საქართველოსთან მორზეს ანბანის შესაბამის გზას გადიან: “წერტილი, წერტილი, პაუზა, გრძელი ხაზი, წერტილი, პაუზა. შეწყდა კავშირი….”:
ამ გზადაგზე, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების პიკი 2022-ში დაფიქსირდა — $2.2 მილიარდიან ნიშნულზე და მას შემდეგ, 2025 წლის პირველ ნახევარში შემცირების ტრენდი გრძელდება და პირველი კვარტალის მდგომარეობით მინიმალურ ნიშნულზეა. რაც ორმაგად სამწუხარო ფაქტია:
1. რომ მინიმალურია და 2. რომ უკუსვლა “ტრადიცია” გახდა.
FDI-ს დინამიკა შეგვიძლია შევადაროთ “სტარტაპს” ე.წ. “სიკვდილის ველის გზაზე”, რომელიც ჯერ გაიზარდა, მერე გადაიღალა და ახლა ელოდება სტაბილურ ინვესტორს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ქართული ეკონომიკის, თუმცა შეძლებისდაგვარი სერიოზულიბით რომ დავუბრუნდეთ რეალობის შეფასებას, გამოდის რომ:
- ბოლო წლების განუწყვეტელი, სისტემური და “სტაბილური”კლება აჩვენებს, რომ “საუკეთესო საინვესტიციო მიმართულების” იმიჯის ფონზე ახალი კაპიტალის შემოდინება მცირდება, და არ იზრდება.
- თუ ტოპ-ყველაფრის ჯილდოს ნეგატიური საზომისთვის და რეგრესისთვის იძლევიან, მაშინ კი, პროპაგანდა სწორად ღაღადებს…
- საქსტატისვე მონაცემებით, ეს ვარდნა ძირითადად გამოწვეულია კაპიტალის შემოდინების და რეინვესტირების შემცირებით.
ანუ ახალი ინვესტორები არ ჩქარობენ შემოსვლას, ხოლო არსებული ინვესტორები ნაკლებ რეინვესტირებას აკეთებენ. - ეს “ძველი” ინვესტორები ცალ ხელზე დათვლადია და ყველამ კარგად ვიცით ვისზეა საუბარი — ძირითადი მოთამაშე აქაც საბანკო სექტორია და კანტიკუნტად შემორჩენილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (EBRD და ADB).
- ინვესიტცია მნიშვნელოვანია და ნიშნავს საერთაშორისო კაპიტალის და გამოცდილების შემოდინებას, რაც ჩვენს შემთხვევაში კარგად არ მუშაობს, თუმცა რეიტინგი საუკეთესო გვქონია…. (იმიტომ არ მუშაობს რომ კორუფციის რეალური ფაქტებია ძალიან დიდი, და ცივილურ სამყაროსთან შესაბამისობაში აცდენილი საკანონმდებლო ჩარჩო).
ანუ, გაცხადებული ლიბერალური და ტოპ-5-ში მოხვედრილი საუკეთესო საინვესტიციო გარემოს მიუხედავად, ახალი უცხოური კაპიტალის ნაკადები, რომლებიც სამუშაო ადგილებს, განათლებას, ინფრასტრუქტურას, კონკურენტუნარიანობის და ინოვაციურობის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს, შესამჩნევად ნაკლებია და დაღმავალი ტრენდი აქვს. (ამ ფაქტს რაციონალური ახსნას ალბათ ვერ მოუძებნით, აშკარად "დიფ სტეტიტის" ზემოქმედების ამბავია).
P.S.
გასათვალისწინებელია ასევე ხმაურიანი საქმეები, რომელშიც საქართvველომ როგორც ქვეყანამ, წააგო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები ინვეტორებთან და მილიარდობით ლარის მოცულობის ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდასაც არ ჩქარობს. ამისათვის კი ცალკე, საერთაშორისო აღსრულების პროცესებია დაწყებული… დიახ, ეს ნეგატიურ რეიტინგზე აუცილებლად “პოზიტიურად” აისახება.
ინსტიტუციური რეიტინგები და ინვესტორთა ნდობა,
ადრეული გაფრთხილების ნიშნები
ინვესტიციები დახურულ სივრცეში არ ხორციელდება, გლობალური კორპორაციები, ინსტიტუციური ინვესტორები, საპენსიო ფონდები და ბანკები ეძებენ სტაბილურ დასაყრდენს პირველ რიგში ინსტიტუტებს, სამართლის უზენაესობას, გამჭვირვალე საქმიან და მარეგულირებელ გარემოს, პასუხისმგებლიანი ბიზნესებისგან შემდგარ ეკოსისტემას (მიუხედავად მათი ზომისა) და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილ და აღიარებულ გარემოს.
ამ მიმართულებით საქართველო სერიოზულ გამოწვევებს აწყდება.
2025 წლის მარტში Moody’s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი შეამცირა “სტაბილურიდან” „ნეგატიურამდე“ (რეიტინგი — Ba2 უცვლელი დარჩა,თუმცა ლოგიკური მოლოდინია რომ ეს რეიტინგი საფრთხის ქვეშაა).
ამის მიზეზად, სააგენტომ პირდაპირ მიუთითა “ინსტიტუციური და მმართველობითი სისუსტის ზრდაზე” და დაასახელა უცხოური გავლენის კანონის მიღება (რუსული კანონი) და შეჩერებული IMF-ის პროგრამა.
2025 წლის მაისში Fitch Ratings-მა საქართველოს საგარეო ვალზე დეფოლტის რეიტინგი BB დონეზე დატოვა, თუმცა დააქვეითა ნეგატიური პროგნოზით.
ანგარიშში ხაზგასმულია პოლიტიკური რისკები, გარე ფინანსების ხელმისაწვდომობის შესუსტება და მაღალი დოლარიზაცია. ასევე დაშორება ევროკავშირთან.
ეს შეფასებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია: “ნეგატიური პროგნოზი”, ანუ მოლოდინის გაუარესება (სტაბილურიდან, ნეგატიურით) საკმაოდ არასახარბიელო და არასასურველი მოვლენაა; ჩვენი ისედაც არასაინვესტიციო (სპეკულაციური, იგივე -“ჯანქი”) რეიტინგი, ნიშნავს შედარებით ძვირ სესხებს, შესაბამისად ეს გაუარესება ზრდის ქვეყნის რისკებს და ავტომატურად შესაძლო საპროცენტო განაკვეთებს, რაც ქვეყნისთვის და აქ არსებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის გაზრდილი ხარჯია, ეს ყველაფერი კი ავტომატურად მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობაზე გადადის (დიახ ეს ფინანსური ინსტიტუტები თავის მოგებას არ დათმობენ, არ ინერვიულოთ, დუმილის დიდი რესურსი აქვთ).
ეს პროცესი ჩვეულებრივ მოქალაქეებზე ნაწილდება, უფრო მტკივნეულად და სწრაფად, მას შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლის ფენებში იგრძნობენ.
კერძო და ინსტიტუციური ინვესტორების გადასახედიდან კი, ქვეყნის გაზრდილი რისკი, პოტენციური ინვესტორების წრის შემცირების პირდაპირპროპორციულია.
ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მარტივად რომ ითქვას, საქართველო ძალიან შორსაა იმ რეალობასთან, რომ რეალურად იყოს „ტოპ-5 საინვესტიციო მიმართულება“, ანუ თუ ეს 5ეული ნეგატიური მაჩვენებელია, მაშინ საქართველო აშკარად “სწორ რეიტინგშია” მოქცეული.
პოლიტიკური და მმართველობითი უკუსვლა,
შემცირებიდან საინვესტიციო შოკამდე
სურპრიზი და საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბოლო წლებში მიღებულმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, ცივილიზებულ დასავლეთსა და ინვესტორთა წრეებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია და მიზეზიც ნათელია.
ეს დეტალები ნათლად არის მოცემული "მუდისის", "ფიჩის" და "სტანდარტ&ფურის" ანგარიშებში, როდესაც მათ ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს გადახედეს და სამივემ, ერთმანეთთან დამოუკიდებლად ნათლად მიუთითეს ის გადაცდენები რაც საქართველომ “მოახერხა”;
ასევე ამ დასკვნებში რეკომენდაციებიც არ დაიშურეს, რაც ერთგვარი გაფრთხილებაა — თუ არ ითვალისიწინებთ ამ რეკომენდაციებს და არ გამოასწორებთ, მაშინ კიდევ უარესად გადაიხედება ეს სუვერენული რეიტინგი…ო (რაც მოგივა დავითა, საკუთარი თავითაო ხომ გახსოვთ…. დავითებს არაფერს არ ვერჩი, “ხალხური” ანდაზაა).
ამ კონტექსტში, ევრობანკის რეგიონალური წარმომადგენელის ეს ოფიციალური განცხადებაც ვფიქრობ საყურადღებოა:
https://www.fdiintelligence.com/content/a48b59ea-2ca8-47c8-bbbe-5123d3e28300
2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ნათლად აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია დემოკრატიული უკუსვლის გამო და არა ე.წ. სამთავრობო პროპაგანდის მიერ მოგონილი დიფსტეტიტის მიერ.
ეს კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და სამომავლო დოვლათის დაგროვებაზე მნიშვნელოვნად აისახება და პირდაპირპროპორციულია ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში. ამ პროცეში, ყველაზე საკამათო ნაბიჯი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაა (ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი“, იგივე რუსული კანონი) რაც 2024 წლის მაისში “ჩაგვიდეს”.
მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი წინაა, რადგან გასულ კვირებში ისეთი კანონები იქნა მღებული, რომ, ალბათ ჰადესიც კი გაკვირვებული ათვალიერებს ბნელეთის სამფლობელოს ჯურღმულებს და ვერ ყალიბდება სად უნდა გაანაწილოს ამ კანონის ინიციატორ-მიმღებებ-აღმსრულებლები…
დონორებთან ურთიერთობა
2022–24 წლების განმავლობაში, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობა და დახმარება, რაც €121.3 მილიონში გამოისახა ზუსტად;
ეს საბიუჯეტო დახმარება სრულად შეაჩერდა და გადანაწილდა სხვაგან, “დემოკრატიული უკუსვლის” გამო.
აშშ-მ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამა საქართველოსთან, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და არჩევნების გამჭვირვალობის მიმართ უნდობლობის გამო. შესაბამისად, აორთქლდა პირდაპირი მატერიალური დახმარებებიც ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის ფარგლებში.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვასთან? იმიტომ, რომ ინსტიტუციური სანდოობა და დონორთა/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა ხშირად წინაპირობაა დიდი მოცულობის ინვესტიციების მოსაზიდად.
როცა ქვეყანა აგზავნის უკუსვლის სიგნალებს, სტრატეგიული, მაგრამ რისკისადმი ფრთხილი ინვესტორები უკან იხევენ.
ბევრ ინსტიტუციურ ინვესტორს მანდატით აქვს პირდაპირ განსაზღვრული რომ “დიდი რისკის” და დაბალი საქმიანი კულტურის ქვეყნებში, მიუხედავად შესაძლო მაღალი უკუგებისა, ეკრძალებად დაბანდება, ანუ ინვესტირება.
დონორები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები
ინვესტიციები ხშირად ემყარება არა მხოლოდ კერძო კაპიტალს, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFI) და დონორებს, რომლებიც ქმნიან პოლიტიკის ჩარჩოს, გარანტიებსა და სანდოობას სხვა კერძო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.
საქართველოს ამ მიმართულების საყრდენი მნიშვნელოვნად შესუსტებული აქვს:
- ევროკავშირის მიერ 121 მილიონი ევროს ოდენობის ორმხრივი დახმარების შეჩერებამ შეამცირა პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა და გააჩინა კითხვები დასავლური მხარდაჭერის მომავალთან დაკავშირებით. რეპუტაციულად ეს უფრო ხმამაღალი განაცხადია განვითარებული სამყაროსთვის.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF, Stand-By Arrangement) პროგრამა (დამტკიცებული 2022 წლის ივნისში) შეჩერებულია 2023 წლის შუა პერიოდიდან და 2025 წლისთვის განახლებაზე საუბარიც კი არაა. ეს თავის მხრივ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეიტინგის და სანდოობის შესუსტებასა და ფინანსური ბუფერის დაკარგვაზე მიუთითებს, რაც ძალიან მძიმე და არაორაზროვანი გზავნილია ნებისმიერი ინვესტორისათვის.
- საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად აფრთხილებენ საქართველოს, რომ რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში (რაც აქტიურად ფიქსირდება და თვალში საცემია), შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის დახმარების სრული პაკეტი, მათ შორის განიხილება უვიზო მიმოსვლის საკითხიც.
ამ ფონზე, უცხოელი ინვესტორებისთვის რისკი იზრდება, ინსტიტუციური გარანტიების გარეშე ინვესტიციები ხდება უფრო მცირე, მოკლევადიანი და ნაკლებად სტრატეგიული.
განსხვავება რეალობასა და პროპაგანდას შორის
ზემოხსენებული ფაქტების გათვალისწინებით, რა უნდა ვიფიქროთ ამ არასერიოზულ განცხადებაზე, რომ საქართველო „მსოფლიოს ტოპ-5 საინვესტიციო მიმართულებებს შორისაა“?
აქ პოზიტიურია ის მხარე, რომ საქართველო მართლაც ინარჩუნებს გარკვეულ პოზიციას და მისდამი ინტერესს, რეგულაციების თავისუფლებისა და ბიზნესის სიმარტივის ინდექსებში, ეს ნარატივის ნაწილია, თუმცა სიღრმისეული ანალიზისას (რასაც ნებისმიერი ინვესტორი აუცილებლად აკეთებს), ჩნდება შემდეგი გარემოებები:
- კაპიტალის შემოდინება არ იზრდება, პირიქით, 2025 წლის 1 კვარტალის მდგომარეობით 44%-ით შემცირდა და ეს შემცირება შეუჩერებლად იზრდება (ათვლა 2019 წლიდან).
- ინსტიტუციური რისკები იზრდება, რაც რეიტინგების პროგნოზებში აისახება, ჩაღრმავებული და დეტალიზებული ანალიზი ცხადყოფს რომ ფუნდამენტურ საკითხებში, საქართველო ნეგატიურ მერე ნახევარში ლიდერობს.
- დონორთა და IFI მხარდაჭერა სუსტდება.
- FDI-ის დიდი ნაწილი კვლავ არსებული ინვესტორების რეინვესტიციაა და არა ახალი პროექტები, რაც ასევე მცირდება
- პოლიტიკური უკუსვლა ზრდის ქვეყნის რისკის აღქმას.
- ავტორიტარული კანონები და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და “სტატუსი” ერთ სულ მოსახლეზე რუსეთზე მეტი პოლიტპატიმარის არსებობით, არ არის ინვესტციების მოზიდვის საუკეთესო მაჩვენებელი, არც “ერთი ფანჯრის” პრინციპია მშველელი (ეს უკანასკნელი აშკარად სხვანაირად გაიგეს და პირდაპირ ციხის კარის ფანჯარაზე კონცენტრირდნენ).
საბოლოო ჯამში, ნარატივი აგებულია სასურველის წარმოდგენაზე და არარსებულის პროპაგანდის მეშვეობით გასაღებაზე და მხოლოდ დაუსაბუთებელი ციფრების ბრახაბრუხზე.
რეალურად კი ვაკვირდებით შენელებულ ან სრულად შეჩერებულ პროცესებს, გაზრდილ რისკებს და უკიდურესად დაზიანებულ რეპუტაციას, სულ უფრო შემცირებული მხარდამჭერებით.
(არა რიტორიკული) კითხვები პოლიტიკის შემმუშავებლებს
- რა არის ინვესტიცების მოზიდვის თქვენი საიდუმლო და რეალურად მოზიდული ბოლო ინვესტიცია?
(არა იგალჰილსი, რეალურად, მოზიდული და განხორციელებული, უკვე, თავისი სარგებლით და ინკლუზიური ეფექტით).
ამ მილიარდებზე ცალკე კითხვები, ცალკე ბლოგში უკვე გაგიზიარეთ. - რამდენი ახალი პროექტია და რამდენი რეინვესტირებული?
დეტალურად რომელი პროექტებია ეს რეინვესტირებული და რომელ დარგებში?
არ ვიცით მასებმა და არც თქვენმა ამომრჩეველმა, კარგი იქნება თუ დააზუსტებდით, დეტალები ყოველთვის მნიშვნელოვანია. - არსებობს ინსტიტუციური სანდოობა ქვეყანაში?
სამართლის უზენაესობა და მოუკერძოებლობა?
გამჭვირვალეა მმართველობა დამოუკიდებელი რეგულაციებით?
ადეკვატურია ის კანონები, რაც მიიღეთ ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტებთან მიმართებით და რის “აღსრულებასაც” ასე მონდომებით აკეთებთ? - რა დონეზეა კორუფციის რეალური აღქმადობა და რა არის თქვენი პოზიცია როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე “აღიარებს” კორუფციას და უკანონო შემოსავლების მიღებას?
- რა სტატუსია პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებით, რომელსაც სასწაულებრივად 1 ლარად ტყეები აქვს “დათრეული”?
- რა სტადიაზეა დონორებთან და IFI-ებთან ურთიერთობა?
- საიდან მოდის სტრატეგიული ინვესტიციები ქვეყანაში?
- რომელი ქვეყნებით და სტრატეგიული პარტნიორებით ჩაანაცვლეთ ევროკავშირი და აშშ?
(ერთში ხომ "დიფ სტეტია "და მერე ხომ მთლად გაირყვნა და დაიქცა, თქვენი ნარატივით) - უზრუნველყოფილია სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და დაცულია ადამიანის უფლებები?
- გამოხატვის თავისუფლება და სამედიცინო პირბადის დამანგრეველი იარაღის სტატუსი რომელი სამეცნიერო კვლევებითაა დამტკიცებული და გამართლებული?
(ამ კვლევას მოხმარდა საქ. მეცნეირებათა აკადემიის გაზრდილი ბიუჯეტი?) - რა კურსი აქვს ქვეყანას არჩეული რეალურად?
რა მიმართულებებზე უნდა ვესაუბროთ საერთაშორისო ინვესტორებს? - რა დონეზეა გამჭვირვალობა, განსაკუთრებით “გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ?
- რამდენად სანდოა თქვენი გამოქვეყნებული მონაცემები და, რატომ არის შემწეობის და სოციალური სიდუხჭირის მაჩვენებლები ასეთი მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ქვეყანაში, სადაც ბიზნესი თავისუფალია?
- რატომ მცირდება FDI 30%-40%-ით და ამ დროს რეიტინგის 5-ეულში ვართ?
დარწმუნებული ხართ რომ ეს ფურცელი სწორად გიჭირავთ? - ასეთ დადებით რეტინგში, რატომ იზრდება უმუშევრობა და რეალური უმუშევრობა კიდევ უფრო სავალალო მაჩვენებელზე?
- რატომ იზრდება ოფიციალური და რეალური ინფლაცია?
- რით ჩანაცვლდა გაყინული და გაუქმებული დახმარებები ევროკავშირისგან და აშშ-სგან?
(ასეულობით მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი, ეს ციფრები საჯაროდაა ცნობილი). - რა გაზომვადი შედეგი მოგიტანათ “უცხოური აგენტების კანონმა”?
- რა დოვლათი შეიძინა ქვეყანამ ამ კანონის მიღებიდან დღემდე?
კითხვების დასმა ჯერჯერობით კანონით აკრძალული არაა.
დასკვნათ ჯონ მეინარდ კეინსის ცნობილ ფრაზას შემოგთავაზებთ:
“Numbers can tell you anything if you ask them the right question, but they will never answer honestly, unless you are honest yourself.”
“ციფრები გეტყვიან ყველაფერს, რასაც სწორად ჰკითხავთ, მაგრამ ისინი არასოდეს გიპასუხებენ პატიოსნად, თუ თავად პატიოსანი არ ბრძანდებით”.




























